გახარიას პარტია: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო

09.06.26 16:52
გახარიას პარტია: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო. პარტიის შეფასებით, უკვე ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“ და დაწყებულია მისი პრაქტიკული აღსრულება.

განცხადების მიხედვით, ამის დასტურად სახელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის რუსი ჩინოსნის, მარატ კამბოლოვის, ცხინვალში გაგზავნა და მისი შესაძლო დაწინაურება დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

„ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეხდინა სათანადო საკანონმდებლო რეაგირება და უზრუნველეყო საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება ანექსიის ამ ტალღის წინააღმდეგ, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ არაფერი იღონა. მმართველმა პარტიამ ჩვენ მიერ პარლამენტში ინიცირებულ ანექსიის დამგმობ რეზოლუციასაც კი არ დაუჭირა მხარი, ხოლო ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას „პოლიტიკური მატრაკვეცობა“ უწოდა.

„ოცნების“ სრული უმოქმედობის ფონზე, რუსეთი უკვე საკუთარ საჯარო მოხელეს ნიშნავს ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებას ნიშნავს.

„ოცნება,“ რომელმაც მიზანმიმართულად მოახდინა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან წლობით ნაშენები თანამშრომლობის საბოტაჟი და ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება.

მოვუწოდებთ „ოცნებას”, აღასრულოს კონსტიტუციური ვალდებულები – მისცეს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებულ ანექსიურ პროცესებს და უზრუნველყოს ანექსიის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება.

„ოცნების“ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებზე და განმარტოს, გეგმავს თუ არა იქ განთავსებული ქართული საგუშაგოს გაუქმებას.

კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას: შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პროცესში დუმილი და უმოქმედობა ოკუპანტი სახელმწიფოს ხელშეწყობას ნიშნავს, რაზეც პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – ნათქვამია გახარიას პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები