ბოჭორიშვილს უნდა, რომ გაუქმდეს ყველა წინაპირობა, რომელსაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად აყენებს
მაკა ბოჭორიშვილს სურს, ევროკავშირმა გააუქმოს ის პირობები, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძვლად განიხილება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი მტკიცებით, ევროკავშირის მხრიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია, რასაც, ბოჭორიშვილის შეფასებით, გარკვეული პოლიტიკოსები და აქტივისტები მოქალაქეებში შიშის გასაღვივებლად იყენებენ.
თავად ევროკავშირის მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაური ფორმით იქნა გაჟღერებული, რასაც მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკციები. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსების , აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ისევ და ისევ ჩვენს მოქალაქეებში გააჩინონ შიში, თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისტვის ემუქრება საფრთხე და ასეც მონათლეს ერთგვარად ეს შეხვედრა.
ჩვენ მოველით, რომ იქნება შეხვედრა კონსტრუქციული, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ჩვენი ინტერესი და ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რა წინაპირობებიც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.