შემაძრწუნებლად უშნო მლიქვნელობის საჯარო აქტი - თაზო დათუნაშვილი კობახიძის ბრიფინგს აფასებს

09.06.26 18:11
შემაძრწუნებლად უშნო მლიქვნელობის საჯარო აქტი - თაზო დათუნაშვილი კობახიძის ბრიფინგს აფასებს

 

 

შემაძრწუნებლად უშნო მლიქვნელობის საჯარო აქტი — ასე აფასებს „ლელოს“ წევრი თამაზ დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს, რომელიც მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიეძღვნა.

დათუნაშვილის თქმით, კობახიძის გამოსვლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყნის რეალური პოლიტიკური ცენტრი ივანიშვილია და არა "ოცნების"  ლიდერები. მისი შეფასებით, ბრიფინგი ივანიშვილის მიმართ საჯარო ლოიალობის დემონსტრაცია იყო, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება როგორც საერთაშორისო ზეწოლის ზრდას, ისე ივანიშვილის გუნდის შიდა პროცესებს.

ჩვენ ვიხილეთ შემაძრწუნებულად უშნო, მლიქვნელობის საჯარო აქტი. დიდი ალბათობით, ივანიშვილი უკმაყოფილოა იმ პროცესებით, რომელიც მის თავს ახლა ხდება, არ ვიცი კობახიძემ დაჰპირდა და არ შეასრულა თუ უბრალოდ, ცუდ ხასიათზეა ბატონი, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილს ჰქონდა ილუზია, რომ სტატუს კვოთი როგორც რაღაც ახლადშობილი დიქტატურა დალაგდებოდა ცივილიზებულ სამყაროსთან. აშშ-ს დღევანდელმა განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ ეს ასე არ არის და ჩვენ ვიხილეთ საჯარო, ძალიან ცუდად სანახავი მლიქვნელობა 28-ჯერ, ფაქტობრივად, საკრალიზებულად ივანიშვილის ხსენების ამ პრემიერად წოდებული კაცის, რომელმაც ღიად უთხრა მთელ საქართველოს, რომ ის საქართველოში პირველი პირი არ არის, რომ მეორე პირია, - ამბობს დათუნაშვილი. 

ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა. 

კობახიძის მტკიცებით, ბრიფინგის გამართვა სამთავრობო არხებზე დებატების დროს ოპოზიონერი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის უარყოფითად მოხსენიების შემდეგ გადაწყვიტა.