ვაშინგტონის პასუხი „ოცნებას“ - კონგრესი საქართველოს რუსულ და ჩინურ გავლენებს იძიებს
საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესწავლის ინიციატივა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. დოკუმენტი, რომლის ავტორიც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, საქართველოსთან დაკავშირებით ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას ასახავს და ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში რუსეთისა და ჩინეთის როლის შეფასებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მინისტრთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან ერთად, მოუწევს მოამზადოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების, მათ შორის შესაბამის სტრუქტურებთან შესაძლო კავშირებისა და საქმიანობის შესახებ.
კონგრესში გაკეთებულ განცხადებებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკის სამიზნე გახდა. კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საქართველოს სტრატეგიული კურსი სულ უფრო მეტად იწვევს კითხვებს ვაშინგტონში.
დოკუმენტი ახლა სენატს გადაეგზავნება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, შეიმუშაოს საქართველოსთან ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის, დახმარებისა და პარტნიორობის სამომავლო ჩარჩოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.