უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - „ოცნება“ ევროკავშირის პირობების გაუქმებას ითხოვს
ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნაცვლად, მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში წინაპირობების გაუქმების მოთხოვნით მიდის. საქართველოსა და ევროკომისიას შორის შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება და სწორედ ამ მოლაპარაკებებზე უნდა გაირკვეს, როგორ გაგრძელდება პროცესი უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, წლის ბოლოს შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ადამიანის უფლებების შელახვა არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველომ შესაძლოა უვიზო მიმოსვლა დაკარგოს. "ოცნების" ხელისუფლებას პროცესის შეჩერება მხოლოდ ერთი გზით შეუძლია — გამოასწოროს დაშვებული შეცდომები და უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკაზე.
ევროკავშირის რეკომენდაციები არა მხოლოდ საჯარო განცხადებებში, არამედ ევროკომისიის წლიურ ანგარიშშიც არის ასახული. ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ მტრული რიტორიკის შეწყვეტა, რეპრესიული კანონების გაუქმება და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება ის ძირითადი პირობებია, რომელთა შესრულებაც ბრიუსელის მოთხოვნად რჩება.
მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ წინასწარვე აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს. ამ ფონზე კი ივანიშვილის გუნდი კვლავ ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.