უკმაყოფილო მძღოლები და მძიმე სტატისტიკა - „ოცნება“ სანქციების შემსუბუქებაზე ფიქრობს
„ქართული ოცნება“ საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ჯარიმების გადახედვასა და შესაძლო შემსუბუქებას გეგმავს. სანქციები, რომლებიც პარლამენტმა ბოლო წლებში გაამკაცრა, შესაძლოა ნაწილობრივ გადაიხედოს. ივანიშილის გუნდი ინიციატივას ჯარიმების პრევენციული ეფექტის ნაკლებობით ხსნის, თუმცა ჩნდება კითხვაც — უკავშირდება თუ არა გადაწყვეტილება მოსახლეობის უკმაყოფილებასა და მხარდაჭერის შემცირებას.
წელს ჯარიმებიდან ბიუჯეტში მნიშვნელოვნად მეტი თანხა შევიდა, ვიდრე გასულ წელს. საუბარია მილიონობით ლარზე. გაზრდილი სანქციები შეეხო როგორც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, ისე არასწორ პარკირებასა და გაჩერებას. სწორედ ამიტომ ირაკლი კობახიძეს დღეს ჰკითხეს, რატომ განიხილავს "ოცნების" ხელისუფლება უკვე გამკაცრებული წესების გადახედვას.
2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მხოლოდ პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. მძღოლები აცხადებენ, რომ თბილისში საპარკინგე ადგილების დეფიციტია, რის გამოც ხშირად ჯარიმდებიან. თბილისის მერი კი პასუხისმგებლობას არ იზიარებს და ამბობს, რომ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს, პრობლემის მიზეზი კი წესების დარღვევაა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.