ვინ გასცა ხაბეიშვილის ცემის ბრძანება? - ორი წლის შემდეგ გააქტიურებული გამოძიება
ორი წლის შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს, მისი განცხადებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს, პროკურატურამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გაააქტიურა. ამ საქმეზე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირველად გამოიკითხა.
პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოკითხულია ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც საქმესთან შესაძლოა კავშირი ჰქონოდა. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნების ჩვენებებია დართული საქმეს და რა ეტაპზეა გამოძიება.
ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ 2024 წლის აქციების დროს იგი თბილისის ცენტრალური გამზირიდან სპეცრაზმის თანამშრომლებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სახის ძვლები და კბილები დაუზიანდა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ დაკავებამდე პარლამენტის ტრიბუნიდან იმ პირების სახელები და გვარები დაასახელა, რომლებსაც მოვლენების ორგანიზებაში ადანაშაულებდა, თუმცა, მისი შეფასებით, მაშინ გამოძიებას რეაგირება არ მოჰყოლია.
ორი წლის შემდეგ დაწყებულ საგამოძიებო პროცესს ხაბეიშვილი ციხიდან წერილობით გამოეხმაურა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მისი წამების ბრძანება "ოცნების" უმაღლესი ეშელონიდან გაიცა და ამ პროცესში კონკრეტული მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანი რეალური პასუხისმგებლობის დადგენა არ არის. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება და ყველა გარემოების შესწავლა მიმდინარეობს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.