მოვითხოვთ, შემცირდეს ჯარიმები, რომელიც კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან - ვასო ურუშაძე

10.06.26 12:44
მოვითხოვთ, შემცირდეს ჯარიმები, რომელიც კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან - ვასო ურუშაძე

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა წლების განმავლობაში არაეფექტიანი იყო, რის შედეგადაც ავტოსაგზაო შემთხვევებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ვასო ურუშაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება ძირითად აქცენტს ჯარიმების ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლების მიღებაზე აკეთებდა, მაშინ, როდესაც ავარიებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები არ მცირდებოდა.

ურუშაძე ასევე აკრიტიკებს პარკირების პოლიტიკას და აცხადებს, რომ მოქალაქეები, განსაკუთრებით თბილისში და ბათუმში, გადაჭარბებული სანქციების წინაშე დგანან, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

„ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, ბოლო 14 წლის განმავლობაში, საქართველოში 14 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ. ეს ყველაფერი განაპირობა იმ გულგრილმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო 14 წლის განმავლობაში ატარებს, განსაკუთრებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში. ერთადერთი ინტერესები ამ წლების განმავლობაში, რაც ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ეს იყო ჯარიმების გაზრდა და რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიდან, მძღოლებიდან. მათ არ აინტერესებდათ სტატისტიკური მაჩვენებლები, როცა წლიდან წლამდე იზრდებოდა ჯარიმების რაოდენობა, საბიუჯეტო შემოსავალი ჯარიმებიდან და ამავდროულად, იზრდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, სიკვდილიანობა საქართველოს საავტომობილო გზებზე. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით და დღესაც მოვითხოვთ, შემცირდეს ის ჯარიმები, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ასეთი არის პარკირება. განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რომელიც კახა კალაძემ ხარკად დააკისრა თითოეულ მოქალაქეს. ფაქტობრივად, დღე არ აგავა, რომ მძღოლი არ დააჯარიმონ. 1100 ჯარიმა თბილისში მხოლოდ ერთ დღეში იწერება არასწორი პარკირებისთვის, ამას აკეთებს კახა კალაძე, რომელიც არც ინფრასტრუქტურას ავითარებს, არც საგზაო მოძრაობა აინტერესებს, მხოლოდ ჯარიმები აინტერესებს. დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციურად საუბარი, რომ ჯარიმები თურმე დიდი ტვირთი ყოფილა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და აძვირებს მათ ცხოვრებას, არის კიდევ ერთი ფარსი, კიდევ ერთი დიდი ტყუილი“,-განაცხადა ურუშაძემ.