ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს - პაპუაშვილი
ბიძინა ივანიშვილის როლსა და ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე დაწყებული დისკუსიის ფონზე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ბუნებრივი პროცესია და „ქართულ ოცნებაში“ არსებული ძალთა განაწილება საზოგადოებისთვის არასდროს ყოფილა დაფარული.
ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. და კიდევ ერთხელ, მათ შორის ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმდჯომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, ამ კოფიგურაციით გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია "ქართულ ოცნებაში". რა თქმა უნდა, მნნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიც არის საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობა, ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი. მათ შორის პოლტსაბჭოში წარმოადგენილები არიან როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრები და რომელსაც თავმჯდომარეობს ირაკლი კობახიძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილებები. თქვენი აზრით, პარტიის პოლიტიკური საბჭო აბა, რატომ იკრიბება ხოლმე? რა გგონიათ, თქვენ, ამინდზე ხომ არ ვმსჯელობთ? აქ არა მხოლოდ თანამდებობრივ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა, არამედ პარტიულ პოზიციებს და იერარქიებს აქვს მნიშვნელობა. გადახედეთ ნებისმიერ ქვეყანას ევროკავშირის, - ამბობს პაპუაშვილი.
"პირველების" კითხვაზე, ხომ არ ემზადება კობახიძე წასასვლელად, პაპუაშვილი ასე პასუხობს:
ესეც კონსპირაციაა, რომ რაღაც განცდები თითქოს არსებობს, - ამბობს პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ქებას წარმოადგენდა, თუმცა, მეორე მხრივ, მასზე პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობადაც შეიძლება შეფასდეს. მისი თქმით, "ოცნების" ლიდერმა, ფაქტობრივად აღიარა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საბოლოო სიტყვა ყოველთვის ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.
ხუხაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში პარტია ერთპიროვნულ მმართველობაზე ააგო, ხოლო კობახიძის გუშინდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ოცნების" ხელისუფლების ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ივანიშვილის პოზიციას ეფუძნებოდა.
ფაქტობრივად, მან მაშინ დაიწყო ამ პარტიის რელიგიურ ორგანიზაციად სტრუქტურირება, ერთი ღმერთით და მრევლით. კობახიძე, როგორც ჩანს, მთლად ღრმად მორწმუნე არ არის, ათეისტური ელემენტები მასში არის და ტექნიკურად, გუშინ მთავარი მაინც ის იყო მთელ ამ პანეგირიკში თუ ოდაში, რომ ტექნიკურად პასუხისმგებლობა შეტენა ბიძინას. ხომ აქო და ადიდა, მაგრამ ფაქტობრივად, თქვა, რომ თუ რამე ცუდი ხდებოდა ამ ქვეყანაში, ყველაფერი ბიძინას ბრალიაო, იმიტომ, რომ ჩვენ ვეკამათებოდითო, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმის აზრი იმარჯვებდაო. ხვალ კობახიძეს თუ დასჭირდა, პროკურატურაში თუ დაიბარებენ და ალბათ დაიბარებენ ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, იტყვის, რომ "მე რა ვქნა, მე პატარა კაცი ვიყავიო, მე ვეუბნებოდი, რომ ესენი არ დაგვეჭირა, რომ არ შეიძლებოდა პოლიტიკოსების დაჭერა, მაგრა ვერ მოევრიე ბიძინას", - ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.