გვეპყრობა როგორც თანასწორს - კობახიძემ ბრიფინგი ამჯერად ჩინეთზე სასაუბროდ ჩაატარა
ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი ამჯერად ჩინეთთან კავშირებისა და სტრატეგიული ურთიერთობაზე სასაუბროდ ჩაატარა.
მისი განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა პრაქტიკულ შედეგებს იძლევა და თანამშრომლობა ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით აქტიურად ფართოვდება.
საგანგებო ბრიფინგზე "ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კონკრეტულ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელში აისახება.
კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. მისი თქმით, იზრდება როგორც სავაჭრო ბრუნვა, ისე ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. პარალელურად, რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს „შუა დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაზიდვაც.
კობახიძის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო საავიაციო კავშირების გაფართოება ტურისტული და ბიზნესაქტივობის კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში თბილისსა და ჩინეთის ქალაქებს შორის ახალი პირდაპირი ავიარეისები დაემატება.
კობახიძის განცხადებით, პარტნიორობა ფართოვდება განათლების სფეროშიც. ამჟამად მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვასა და საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას.
„ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებული თვალშისაცემი და დასაფასებელია.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძე: სანქციების სიაში მოხსენიებულ კრიპტოპლატფორმებს, სავარაუდოდ, საქართველოსთან არსებითი კავშირი არ აქვთ
მისი თქმით, წინა შემთხვევაში მოკვლევა როგორც ეროვნულ ბანკს, ისე სხვა უწყებებსაც დაწყებული ჰქონდათ და გაირკვა, რომ აღნიშნული სუბიექტები საქართველოში არც კი იყვნენ რეგისტრირებულები.