კრემლი "ოცნების" პოლიტიკას ისევ აქებს

10.06.26 14:45
კრემლი "ოცნების" პოლიტიკას ისევ აქებს

კრემლი ისევ "ოცნების" პოლიტიკას აქებს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, "მოსკოვი გაგებით ეკიდება თბილისის მცდელობას, უცხო ქვეყნების გავლენისგან გათავისუფლდეს".

ზახაროვა ასევე აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს და მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირების განვითარება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასაც შეუწყობს ხელს.

ჩვენ გაგებით ვიღებთ თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან დიქტატი და უცხოელ პარტნიორებთან თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლოს. ჩვენ მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმაოთ, რაც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას სუფთა გულით და გულწრფელად ვაკეთებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიმართულებით „გააზრებული არჩევანი“ გააკეთა. 

„თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის და მე დავამატებდი, ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.