სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი - ელენე ხოშტარია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დარეგულირებას არ ცდილობს და "ოცნების" ხელისუფლების მოქმედებების ახსნა მხოლოდ მისი საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებები და რიტორიკა რუსეთის პოლიტიკურ მიდგომებთან უფრო მეტ მსგავსებას ავლენს, ვიდრე დასავლურ პარტნიორებთან თანამშრომლობის სურვილს.
ხოშტარია მიიჩნევს, რომ "ოცნების" პოლიტიკა გავლენას ახდენს საქართველოს ურთიერთობებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. მისი თქმით, ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა ივანიშვილის გუნდის შეცვლის გარეშე შეუძლებელი იქნება.
„არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა. ფუჭია ჩვენი ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახის სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში.
როდესაც ჩვენ ვამბობთ „რუსული ოცნება“, მგონია, რომ აღქმაც არ გვაქვს ბოლომდე რას ნიშნავს ეს და შეიძლება, გვგონია, რომ ეს რაღაც პოლიტიკური გაზვიადებაა. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ „ქართულ ოცნებას“ - რუსულ ოცნებას დავარქმევთ.
მაგალითად, „როგორ უბედავს ამერიკელებს ასე ლაპარაკს?“, „რატომ არაფერი უპასუხა ირანს?“, „რატომ არ ასრულებს ვალდებულებებს?“, „ასე ინფანტილურად რატომ იქცევიან?“, „ეს რანაირი დიპლომატიაა?“ - დიახ, ასე იქცევა რუსული ოცნება, დიახ, რუსეთიც ასე ელაპარაკება ამერიკას, დიახ, რუსეთიც არ ალაგებს ამერიკასთან, პირიქით, ურევს ამერიკასთანაც და რეგიონშიც. დიახ, არც ირანთან არაფერი საჩხუბარი არ აქვს რუსეთს და ასე შემდეგ.
ერთი სიტყვა „რუსული“ გასაგებს ხდის „ოცნების“ მოქმედების ლოგიკას. ამიტომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს ამოცანაზე, სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი“,- წერს ელენე ხოშტარია.