კობახიძე: სანქციების სიაში მოხსენიებულ კრიპტოპლატფორმებს, სავარაუდოდ, საქართველოსთან არსებითი კავშირი არ აქვთ
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სანქციების სიაში მოხსენიებულ კრიპტოპლატფორმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა ანალოგიურ ფაქტზე, ორგანიზაციებს საქართველოსთან არსებითი კავშირი არ ექნებათ. მისი თქმით, წინა შემთხვევაში მოკვლევა როგორც ეროვნულ ბანკს, ისე სხვა უწყებებსაც დაწყებული ჰქონდათ და გაირკვა, რომ აღნიშნული სუბიექტები საქართველოში არც კი იყვნენ რეგისტრირებულები.
მე ეს შემთხვევა არ ვიცი. წინა შემთხვევას რაც შეეხება, იქ გაირკვა, რომ თვითონ ეროვნული ბანკსაც ჰქონდა დაწყებული მოკვლევა, სხვა უწყებებსაც ჰქონდათ დაწყებული მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებიტ და ეს ორგანიზაციები, რამე რომ არ შემეშალოს, რეგისტრირებულები არ იყვნენ საერთოდ საქართველოში და მათი სამოქმედო არეალიც არ იყო საქართველო, თუ რამე არ მეშლება, მაგრამ არსებითად საქართველოსთან იმ ორგანზაციებს შემხებლობა არ ჰქონდათ, იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც, - ამბობს კობახიძე.
საქართველო ახალი სკანდალის შუაგულში - Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს. ქართულ კომპანიებს ევროკავშირი რუსეთის დახმარებისთვის დაასანქცირებს.
სულ 11 კრიპტოპლატფორმაზეა საუბარი - ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან;
გამოცემა წერს, რომ დასახელებულ ობიექტებს ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება.