"ოცნება" ამტკიცებს, რომ დაკავებების პრაქტიკა შეიცვალა - რა წერილი გაგზავნა ივანიშვილის გუნდმა ევროპის საბჭოში
"ქართული ოცნება" ევროპის საბჭოში გადაგზავნილი დოკუმენტით ამტკიცებს, რომ ხალხს ადმინისტრაციულ პატიმრობაში ინტენსიურად აღარ უშვებს და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება. სპეციალისტების შეფასებით, ამ გზით ცდილობს "ქართული ოცნება" დაარწმუნოს ევროპის საბჭო, რომ ადმინისტრაციული საქმეების და სასამართლოს გადაწყვეტილებების მონიტორინგი შეწყვიტოს.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, პასუხის გაგზავნა "ქართულ ოცნებას" მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე მოუწია - ევროპის საბჭოში დაინტერესდნენ, როგორ აღასრულებენ ოცნების ხელისუფლებაში ევროსასამართლოს რეკომენდაციებს. მინისტრთა კომიტეტი თვლის, რომ სისტემურია არაპროპორციული სანქციები, ადმინისტრაციული დაკავებები და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა.
რა რეალობაა დღეს ქვეყანაში? - თუ ოცნება ამბობს, რომ სიტყვიერი გაფრთხილებები გახშირდა, ასეთ შემთხვევებს ვერ იხსენებენ იურისტები, რომლებიც მომიტინგეების უფლებებს სასამართლოებში იცავენ. ადვოკატები ყვებიან, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში ახალი დანაშაულები გაჩნდა, ხალხს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო, ფეისბუქ სტატუსის გამო და ადმინისტრაციული ჯარიმების თუ პატიმრობების რაოდენობა მზარდია.