"ეს იყო პასუხი ივანიშვილის უკმაყოფილების მიმართ" - კახა კუკავა კობახიძის ბრიფინგზე

10.06.26 21:57
"ეს იყო პასუხი ივანიშვილის უკმაყოფილების მიმართ" - კახა კუკავა კობახიძის ბრიფინგზე

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი იყო პასუხი ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მიმართ. 

მისი თქმით, შესაძლოა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდეს პრემიერის მიმართ. 

კახა კუკავა ვარაუდობს, რომ უკმაყოფილების მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ვერ ხდება - "ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილმა ისევე ჩარეცხოს კობახიძე, როგორც ღარიბაშვილი". 

[რა დგას ამ ბრიფინგის უკან] არ არის ძნელი გამოსაცნობი. ჩვენ შეიძლება კონკრეტულად ვერ გამოვიცნოთ ივანიშვილი რით იყო უკმაყოფილო - კობახიძის რომელიმე განცხადებით, თუ მისი რომელიმე სხვა ქმედებით, მაგრამ ის რომ ეს იყო პასუხი ივანიშვილის უკმაყოფილების მიმართ და ის, რომ ეს იყო პასუხი იმისადმი, რომ ივანიშვილს უმტკიცონ ერთგულება, ეს, ჩემი აზრით, ყოველგვარი ეჭვების მიღმა არის იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ უკვე ივანიშვილის მართვის სტილი. დაახლოებით 2-3 წელიწადში მას ბეზრდება ეს სათამაშოები, რომელსაც ხან პრეზიდენტს დაარქმევს, ხან პრემიერს დაარქმევს და მისი პირველი ბრიფინგი გახსოვთ ალბათ მარგველაშვილზე როდესაც თქვა, რომ ეს რა კაცი ყოფილა და როგორ გამიცრუა იმედებიო - იმის შემდეგ მუდმივად არის ამ როლში. 

კობახიძის მიმართაც მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული იმედგაცრუება იმიტომ, რომ გახსოვთ ალბათ კობახიძის განცხადება, ერთი-ორი თვის წინ გააკეთა, რომ დაელოდეთ მაისში გადაიტვირთება ურთიერთობები ამერიკასთანო. ელოდა საწყალი ივანიშვილი 31 მაისის ღამის 12 საათამდე ამ ურთიერთობების გადატვირთვას და სანქციების მოხსნას, როდესაც ეს დღე არ დადგა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილმა ისევე ჩარეცხოს კობახიძე, როგორც ღარიბაშვილი," - განაცხადა კახა კუკავამ. 

ცნობისთვის, გუშინ, 9 ივნისს, ირაკლი კობახიძემ 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.