საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განცხადებას ეხმაურება
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განცხადებას ეხმაურება.
- ცნობისთვის, ჩინეთის ელჩმა განაცხადა: "არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი [ჯო უილსონი] ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს".
ირანის ელჩი ალი მოჯანი პოსტში აღნიშნავს, რომ "არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები".
მისივე თქმით, დღევანდელ მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება.
როდესაც რომელიმე ქვეყნის ოფიციალური პირები ცდილობენ განსაჯონ ან განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ააწყონ სხვა ქვეყნებმა თავიანთი ურთიერთობები და თანამშრომლობა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი საერთაშორისო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას შორის?
დღევანდელ მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება და ხალხთა უფლების პატივისცემა, თავად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები. არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ძალაა. გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ჩინეთთან. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი აზიისა და ევროპის დაკავშირებაში წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითს. ასეთი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნების თავისუფალ არჩევანს და არა პოლიტიკურ ზეწოლას.
ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცალმხრივი სანქციები, პოლიტიკური ზეწოლა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უგულებელყოფა არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, არამედ ხშირად კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ კრიზისებს.
დღევანდელი მსოფლიო აღარ არის წარსული საუკუნეების მსოფლიო. ხალხებს უფრო მეტი ცნობიერება აქვთ, ისინი უფრო დამოუკიდებლები და საკუთარი არჩევანის უფლების მქონენი არიან. წარმატებული საგარეო პოლიტიკა ემყარება პატივისცემას, დიალოგს, თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს და არა ზეწოლას, მუქარასა და საკუთარი ნების სხვებისთვის თავსმოხვევას.
მხოლოდ ყველა ერის სიცოცხლის, განვითარების და დამოუკიდებლობის უფლების პატივისცემით არის შესაძლებელი უფრო უსაფრთხო, სტაბილური და სამართლიანი მსოფლიოს შექმნა," - წერს ალი მოჯანი.