ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის დიალოგი იწყება - დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის საკითხია
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ინიციატივით ტარდება და მასში საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. მისი თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო შეჩერება იყოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, სავიზო შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში ევროკომისიას შესაბამის ქვეყანასთან ოფიციალური დიალოგის დაწყება ევალება.
უწყების ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ფარგლებში იმართება და ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს.