წითლიძე სააკაშვილის ინიციატივაზე: განახლება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ემსახურება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ პარტიის გაძლიერების მთავარი გზა ახალი სახეების ჩართვაა. განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში ცვლილებები დააანონსა.
წითლიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების განმავლობაში განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა და ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთებაც პარტიისთვის „ახალი სიცოცხლის“ მომტანი იქნება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა "ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომ, კიდევ ერთხელ, ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა "ნაციონალური მოძრაობისთვის". ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც დაემატება "ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სიძლიერე, შესაბამისად, იმ გამოწვევების, იმ სირთულეების ფონზე, რაც პარტიას ობიექტურად აქვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გვიპირებს გაუქმებას, პარტიამ უნდა ანახოს თავის ამომრჩეველს, როგორ აგრძელებს ბრძოლას, - ამბობს წითლიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე დაფუძნებულ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.
სააკაშვილი თვლის, რომ პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. "ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა"- დაწერა პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა.