პოლიტიკური ლიდერების საქმის პროცესი მოულოდნელად გადმოწიეს

11.06.26 11:50
პოლიტიკური ლიდერების საქმის პროცესი მოულოდნელად გადმოწიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოლიტიკური ლიდერების პროცესი გაიმართება. სხდომა თვის ბოლოს, 24 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი გაურკვეველი მიზეზებით შეიცვალა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება  ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდებოდეს, რომელიც უვიზო რეჟიმის საკითხს ეხება.

პროცესი უნდა ყოფილიყო 24-ში, ეგრე იყო განრიგით გაწერილი და შეთანხმებული ეგრე გვქონდა მოსამართლესთან. რატომ გადმოწიეს 11-ში არ ვიცით, 10-ში აპირებდნენ, ანუ გუშინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე 11-ში გააკეთეს, არ ვიცი, შეიძლება დაკავშირებული იყოს ამერიკელებთან, შეიძლება დაკავშირებული იყოს ევროპის უვიზოსთან იმიტომ, რომ დღეს არის იქ შეხვედრა ტექნიკურ დონეზე, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილება. კიდევ არის რაღაც საკითხები, რომელთანაც შეიძლება დაკაშირებული იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ამაზე ცალსახად საუბარი იქნება სპეკულაცია, რომ გამოვალ მოგიყვებით ჩემი აზრით რასთან არის კავშირში, გასაგები იქნება სხდომაზე, რატომ გადმოწიეს," - განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ამასთან კითხვაზე სარწმუნოა თუ არა "ქართული ოცნების" განცხადებები, რომ მათ დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ურთიერთობების დალაგების არანაირი სურვილი არ აქვს. 

არანაირი [ურთიერთობების] დალაგების სურვილი არ არსებობს ["ქართულ ოცნებაში"], ერთადერთი არსებობს სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან, ფოტო გადაიღონ ვიდეო გააკეთონ, რომ მერე საკუთარ მხარდამჭერებს ანახონ, რომ ვითომ დალაგდნენ [დასავლეთთან].

ვერ დალაგდებიან, ხომ ცხადად და ათჯერ აუხსნეს უკვე. ამერიკის შემთხვევაში, არსებობს კონკრეტული გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, ამ ინტერესების გატარებას სჭირდება, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ამერიკული კომპანიები, ამერიკული კომპანიების ამ ქვეყანაში შემოსვლას სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და არსებობდეს სტაბილურობა, ამას სჭირდება ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, იყოს არჩევნები, ხელისუფლება იცვლებოდეს არჩევნებით, იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და გრძელვადიანი სტაბილურობა. ერთი და იგივე ინტერესები გვაქვს ჩვენ და ამ შემთხვევაში ამერიკას," - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პროცესის დაჩქარება პროკურატურას იმავე ადამიანმა "დაუკვეთა", ვინც თავად ეს პროცესი. 

გესმით, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში არის მხოლოდ შემსრულებელი ინსტრუქციის და მიიღეს მათ ინსტრუქცია, რომ ახლა დააჩქარონ პროცესები. იგივე ადამიანი უკვეთავს დაჩქარებას, ვინც შეუკვეთა ეს პროცესი, თავისთავად, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენება, მსგავსი პროცესები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ სახელმწიფოს საბოტაჟი, როდესაც დავალებით პროკურატურა და მთელი სისტემა დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და შესაბამისად საქართველოსთვის ხურავს გზას ცივილიზებული სამყაროსკენ," - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა დამაჯერებელი "ქართული ოცნების" განცხადებები დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროცესი არ წყდება, ბადრი ჯაფარიძე ასე პასუხობს - "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს".

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ეს არის ყველაზე კარგი პასუხი ამაზე იმიტომ, რომ როდესაც შენ დევნი ეროვნულ ძალებს, როდესაც შენ დევნი პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც არიან მომართული იმისთვის, რომ ქვეყანას ხელი შეუწყონ, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანდეს, ეს არის სწორედ ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკა," - განაცხადა მან. 

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სხდომის თარიღის გადმოწევა პროკურატურაში მას სწრაფი მართლმსაჯულების არგუმენტით აუხსნეს, რაც იურისტისთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან სხვა საქმეებში საგამოძიებო უწყება ასე არ ჩქარობს.

საქმის პროკურორის, ანა ხუბეჯაშვილის განმარტებით, აღნიშნული საქმე საკმაოდ მოცულობითია, შესაბამისად "ბრალდების მხარემ ეფექტურად უნდა განახორციელოს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა", რაც გახდა მიზეზი თარიღის გადმოწევის. 

როგორც მოგეხსენებათ აღნიშნული საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, შესაბამისად ბრალდების მხარემ ეფექტურად უნდა განახორციელოს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა და ეს არის მიზეზი, რომ დავიწყეთ უშუალოდ მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სხდომაზე უშუალოდ მტკიცებულებების გამოკვლევას ვიწყებთ მოწმეთა დაკითხვებით და უშუალოდ დაკითხვები შეეხება ორ საკითხს - პირველი ეს იქნება პარლამენტის დაზიანების ნაწილი და ასევე პარლამენტის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის საკითხი, ხოლო მეორე საკითხი, რომელიც დაისმება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იქნება პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად მიღებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი და და დავადასტურებთ იმას, რომ პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად მიღებული იყო არაერთი ნივთი და ნივთიერება, რომელიც ძალადობრივი აქციების დროს წინააღმდეგობის გასაწევად იყო გამოყენებული. 

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება სამი პირი, პარლამენტის წარმომადგენელი და ორი გამომძიებელი," - ამბობს ანა ხუბეჯაშვილი. 

ევროკავშირი დღეს, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგს გამართავს. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები