"ივანიშვილს მუხრუჭები აქვს გაფუჭებული" - ირაკლი კუპრაძე
"ივანიშვილს მუხრუჭები აქვს გაფუჭებული" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პოლიტიკური ლიდერების პროცესზე მომდევნო სხდომების სწრაფად ჩანიშვნა მოხდება, რაც მიუთითებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კიდევ უფრო მეტი ბოროტება, რეპრესია და დაპირისპირება, საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვა მოხდეს ამ პერიოდში".
ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გაცხადებული პოლიტიკა არის პროპაგანდა, სიყალბე, ძალადობა, რეპრესია და ანტიქართული საქმიანობა.
ანტიქართულ ოცნებას და ივანიშვილს აქვს ყალბი სურვილი, თითქოს მას შეუძლია ამ ქვეყანაში რაიმის გამოსწორება და ამის საფუძველზე ახალი დალაგება, ან ე.წ. გადატვირთვა დასავლეთთან, იგულისხმება ევროკავშირი და შეერთებული შტატები, მაშინ, როცა არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებაში, ივანიშვილი აკეთებს ყველაფერ საწინააღმდეგოს, ეს ნიშნავს იმას, რომ გაფუჭებული ურთიერთობები შტატებთან და ევროკავშირთან კიდევ უფრო გაუარესდება, რისკები უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო და უფრო საშიშ ხდება და მათ შორის ამის ნაწილია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება, რომელიც გუშინწინ შედგა და ოფიციალურად გაფორმდა, ამის ნაწილია ასევე პოლიტიკური დევნის რეალურად დაჩქარება იმიტომ, რომ გადმოწეულია სასამართლო პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის ინფორმაციაც გვაქვს, რომ დღეს სასამართლო სხდომაზე მოხდება მომდევნო სასამართლო სხდომების სწრაფად ფორსირებულად ჩანიშვნა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს მუხრუჭები აქვს გაფუჭებული და ის ცდილობს მაქსიმალურად, რომ კიდევ უფრო მეტი ბოროტება, რეპრესია და დაპირისპირება, საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვა მოხდეს ამ პერიოდში, რაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს საქართველოს საგარეო ველზე მის მდგომარეობას და რა თქმა უნდა ივანიშვილი ამაზე პასუხსაც მიიღებს.
ივანიშვილის გაცხადებული პოლიტიკა არის ერთი პროპაგანდა, სიყალბე და მეორე მხარეს არის ძალადობა, რეპრესია და ანტიქართული საქმიანობა. როგორც არ უნდა მოგვატყუოს პროპაგანდით ივანიშვილმა და თქვას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, არ არსებობს დევნა და ასე შემდეგ, ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს - დევნა პოლიტიკური ლიდერების, დევნა დამოუკიდებელი მედიის, დევნა პოლიტიკური პარტიების, აკრძალვის პირობებზე საუბარი და ა.შ., ამიტომ ივანიშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მისი თითოეული ნაბიჯი დაამძიმებს ანტიქართული ოცნების მდგომარეობას," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.