ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ევროკომისიასა და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა იმ მიზეზების განხილვას დაეთმობა, რომლებმაც ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვია.
ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.
როგორც ამ კვირის დასაწყისში განვმარტეთ, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალურ პირთა დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართება. ეს არის სავიზო რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი იწყებს მოქმედებას.
ეს მოჰყვება მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას თავდაპირველად 12 თვის ვადით სავიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს, მას შემდეგ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ამ ზომას.ასე რომ, ამ შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც გამოიწვია შეჩერება.
აი, ამ საკითხზე იქნება საუბარი. ეს გარემოებები, რომლებმაც შეჩერებამდე მიგვიყვანა უბრალოდ რომ შეგახსენოთ არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები," - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.