ცესკოს აუდიტს ოპოზიცია აფასებს - იქნება თუ არა რეაგირება გამოვლენილ ხარვეზებზე?
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ცესკოში გამოვლენილ ხარვეზებს ოპოზიციაში მწვავედ აფასებენ. მათი განცხადებით, ანგარიშში ასახული პრობლემები კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს როგორც უწყების ფინანსურ საქმიანობაზე, ისე ივანიშვილის გუნდთან მის კავშირებზე.
ოპოზიცია "ოცნების" ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს, თუმცა მიიჩნევს, რომ დარღვევებზე პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
"ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე მიიჩნევს, რომ აუდიტის დასკვნა ცესკოში წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკის შესახებ მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.
ცესკო, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, წარმოადგენს "ქართული ოცნების" დასაქმების "კანტორას", პირველ რიგში, და ეს წლებია უკვე ასეა, უამრავი ადამიანი, შტატით იქნება თუ შტატგარეშე, იყო დასაქმებული სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით, სრულიად დაუსაბუთებელი საჭიროებით და სხვა კრიტერიუმების დაუცველადაც, რაც შეეხება შესყიდვებს, აქაც ცესკოში ყველაფერი იყო ისე, როგორც სურდა იმ მმართველ ბირთვს, ოპოზიციონერი წევრები ყველანაირი სამუშაოდან იყვნენ ხოლმე გამოთიშულები. საგულისხმოა, რომ აუდიტის სამსახურმა დღეს ასეთი დასკვნა დადო და ახლა არის ყველაზე საინტერესო "ქართულ ოცნებაში" ექნებათ თუ არა რეაგირება იმ დარღვევებზე, რომელიც ცესკოში გამოვლინდა, - ამბობს გიორგი სიორიძე.
კიდევ უფრო მწვავე შეფასებებს აკეთებს ენმ-ს წევრი ანიწითლიძე, რომელიც ცესკოს საქმიანობას კორუფციულ სქემებს უკავშირებს.
ცესკო არის ყველაზე კორუმპირებული ორგანო და ყველაზე კორუმპირებული ინსტუტუცია, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს დამოუკიდებლობასთან და ობიექტურობასთან. ეს არის "ქართული ოცნების" დანამატი. ის, რომ კორუფციაში ბოლომდე იყოს ჩაფლული, სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ მერე ასე ყურებით ჰყავდეთ დაჭერილი ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს ეს კორუფციაც და კორუპირებულობაც, აბა, რის ფასად აკეთებენ ამას, რომ არჩევნებს აყალბებენ? აბა, რის ფასად აკეტებენ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ ნებას ართმევენ? ამ ანაზრაურების, რეალურად, კორუფციის და ეს არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი. ამ აუდიტის დასკვნის მიხედვით, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, უბრალოდ, უნდა ადგნენ დაიჭირონ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს სხვა უფლებამოსილი პირები, - ამბობს ანი წითლიძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგიზ თევზაძე ოპონენტების დარწმუნებულია, რომ აუდიტის დასკვნის მიუხედავად, "ოცნების" გუნდის მხრიდან რეაგირება არ იქნება.
"ქართული ოცნება" ცესკოსთან იმდენად არის დავალებული, როგორც არცერთი სხვა ინსტუტუტი. მათ, ფაქტობრივად, 2024 წელს, როგორც პარტიულმა სტრუქტურულმა ერთეულმა შეუსრულეს ყველა დავალება, ხელი მოაწერეს ყველა დანაშაულზე, რასაც, საბოლოო ჯამში, არჩევნების გაყალბება და იმ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა ჰქვია, რაც გამოიწვიეს ქვეყანაში. აქედან გამომდინრე, ღრმად ვარ დარწმუნებული, არანაირი რეაგირება არ მოხდება და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებული იყო, ვინაიდან არაერთი ისეთი პირია ცესკოს წევრი,ა სევე ადმინისტრაციის წევრი, რომელიც არა მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" არის დაკავშირებული, არამედ სუსთან და გამორიცხულია, რომ ეს "ქართულ ოცნებას" და შესაბამის ინსტიტუვიებს არ სცოდნოდათ, - ამბობს თენგიზ თევზაძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცესკოს 2023-2024 წლების საქმიანობის აუდიტის შედეგად შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო შესყიდვებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით არაერთი ხარვეზი გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია როგორც სახელფასო დანამატების გაცემასთან, ისე სამუშაო დროის აღრიცხვასა და შესყიდვების პროცესის დოკუმენტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. აუდიტის სამსახურმა ცესკოს რეკომენდაციებით მიმართა, გააძლიეროს ფინანსური კონტროლის მექანიზმები და უზრუნველყოს შესყიდვების პროცესის მეტი გამჭვირვალობა.