კობახიძე ამტკიცებს, რომ "საქართველო და აშშ ერთად ცდილობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას"

12.06.26 12:35
კობახიძე ამტკიცებს, რომ "საქართველო და აშშ ერთად ცდილობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას"

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველო და აშშ ერთად ცდილობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას - პრემიერმა დღეს ყირგიზეთიდან გააკრიტიკა ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, რომელიც "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ ერთ-ერთი ინიციატორია.

კობახიძის თქმით, იმ ფონზე როცა ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, არალოგიკურია,  ჯო უილსონი საქართველოს იმავე ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავების გამო ესხმოდეს თავს. 

„ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან, იღებენ დავალებებს ერთისა და იმავე ხალხისგან, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან.

ეს არის, საბოლოო ჯამში, ის გავლენა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, აშშ-ში უწოდებენ – „დიფ სთეითს“. ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება, საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური. ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს, რომლებიც არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა როგორც აქამდე არ ჰქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო უილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალში“, - განაცხადა კობახიძემ. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.

"კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

კანონპროექტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.