2025 წელს საქართველოში 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ეს საგანგაშოა - თაზო დათუნაშვილი
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმწვავესი დემოგრაფიული კრიზისი 2025 წელს გამოიხატა.
მისი თქმით, სწორედ 2025 წელს საქართველოში 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, რაც საგანგაშო მდგომარეობაა.
დათუნაშვილმა აღნიშნული “ოცნების“ მიერ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს დაუკავშირა და თქვა, რომ ისინი არ ზრუნავენ ოჯახებზე და ოჯახური ფასეულობების დაცვაზე ამ ქვეყანაში.
დღეს თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დემოგრაფიულ კატასტროფაზე, რომელიც საქართველოში არის.
უმწვავესი დემოგრაფიული კრიზისი 2025 წელს გამოიხატა იმით, რომ საქართველოში 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს არის საგანგაშო მდგომარეობა და ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. ამ ყველაფრის უკან დგას “ქართული ოცნება”, რომელიც გატყუებთ, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახების და მათი ფასეულობების დასაცავად იღწვის ყოველდღიურად, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. მრავალშვილიანი ოჯახების უმრავლესობა დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
კანონმდებლობით დადგენილია, რომ მრავალშვილიანად ითვლება მშობელი, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავს.
2026 წლის ბიუჯეტური მონაცემებით, 4 და მეტი შვილიანი ოჯახისათვის განსაზღვრულია შემდეგი ტიპის დახმარებები:
ერთი ეს არის 30-ლარიანი დახმარება და მეოთხეს შემდეგ მომდევნო შვილზე ამ 30 ლარს 10 ლარი ემატება, რომლითაც სახელმწიფო ახდენს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებას. ამის მიღმა, თბილისში 18 წლამდე ასაკის შვილებისათვის, 4 ან მეტი შვილი ოჯახში, თბილისის მუნიციპალიტეტში დახმარება არის 50 ლარი. ეს თანხა არის მაქსიმუმი , სხვა მუნიციპალიტეტებში ეს დახმარება ამაზე ნაკლებია, ანუ 30 და 50 ლარი, თვეში 80 ლარი არის ის, რაც ემეტება "ქართულ ოცნებას" მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ამას თვლის ირაკლი კობახიძე, რომ 80-ლარიანი სუბსიდიით და შეღავათი არის ის, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დემოგრაფიული კატასტროფის დროს.
სამარცხვინო რიცხვები და მაჩვენებლებია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აბსოლუტური ბლეფი, ტყუილია ის, რომ "ქართული ოცნება" ზრუნავს ოჯახებზე და ოჯახური ფასეულობების დაცვაზე ამ ქვეყანაში.
ჩვენი, "ძლიერი საქართველოს" ინიციატივა არის, რომ ეს დახმარების ტიპები, რომელიც ჩამოგითვალეთ, გაათმაგდეს შემდეგი წლების მანძილზე. საქართველო უნდა ამოვიდეს ამ დემოგრაფიული კრიზისიდან ამისათვის საჭიროა რომ მინიმუმ ამ ტიპის სუბსიდიები, 30 და 50-ლარიანი დახმარების ოდენობა გაათმაგდეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
ამასთანავე, ეს საკანონმდებლო ანომალია, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ 4 და მეტი შვილის ყოლა ითვლება მრავალშვილიან ოჯახად, უნდა შეიცვალოს მანამ, სანამ საქართველოში არის ნეგატიური დემოგრაფიული მაჩვენებლები და მრავალშვილიანად ჩაითვალოს ოჯახი, რომელსაც ჰყავს 3 შვილი, მესამე შვილი უკვე უნდა ითვლებოდეს მრავალშვილიან ოჯახად და უნდა ექვემდებარებოდეს სუბსიდირების და დახმარების იმ სისტემას, რომელიც შემდეგ წლებში უნდა გაათმაგდეს. ეს არის "ძლიერი საქართველოს" ინიციატივა იმის საპირისპიროდ, რასაც მიზერულად აკეთებს "ქართული ოცნება".
მარტივად გეტყვით, თბილისის მუნიციპალიტეტში, სადაც ეს დახმარება ყველაზე მეტია, მხოლოდ 12 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, რომ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარონ. ამაზე სამჯერ მეტია იგივე საბიუჯეტო წელს გამოყოფილი იმისათვის, რომ ახალი ავტომობილები შეიძინონ ჩინოვნიკებმა, სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს თანხა არის.
ამ თანხის გაზრდა წელსვე არის შესაძლებელი უამრავი ხარჯის, რომელიც არ არის საჭირო, შეკვეცის ხარჯზე, მაგალითად, აჭარის კულტურის სამინისტროს გაუქმებით ან სხვა ასეთი არაფრისმომცემი ორგანიზაციების გაუქმებით, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ "ქართული ოცნება" ამ ფარსს არ გააჩერებს და ყურსაც არ შეიბერტყავს, ამიტომ, "ძლიერი საქართველოსთვის" ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების ინდექსი დავიდეს ოთხიდან სამ შვილზე და ყველა სუბსიდია და დახმარება გაათმაგდეს.
საქართველოს სჭირდება ამ დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლა და ამას პოლიტიკური არარაობების სიტყვები არ უშველის, ამას უნდა კონკრეტული ქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და "ძლიერი საქართველო" იქნება ის ძალა, რომელიც ამას გააკეთებს, - განაცხადა დათუნაშვილმა.