გადატვირთვა საკუთარი პირობებით - რატომ ვერ (ან არ) ალაგებს „ოცნება“ ურთიერთობას შტატებთან?
„ქართულ ოცნებას“ აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენის იმედები სულ უფრო ეწურება. მაშინ, როდესაც ვაშინგტონი თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებსა და პოლიტიკის ცვლილებას ელოდება,ივანიშვილის გუნდი, ოპონენტების შეფასებით, ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებისთვის ნიადაგს ამზადებს.
სანამ "ოცნების" ხელისუფლების ლიდერები მთავარ სათქმელს საჯაროდ გააჟღერებენ, მათთან დაახლოებული ფიგურები გზავნილებს წინასწარ ავრცელებენ. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ სამთავრობო მედიაში გამოქვეყნებულ ზაზა შათირიშვილის წერილსაც. შათირიშვილი საზოგადოებაში დიდი ხანია აღიქმება პირად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხედვების გამხმოვანებლად მოქმედებს.
წერილიდან ჩანს, რომ ივანიშვილის გუნდისთვის არც კონგრესმენი ჯო უილსონია უმნიშვნელო ფიგურა და არც ის კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში ჩინურ და ირანულ გავლენებთან დაკავშირებული ქსელების შესწავლას ავალებს. ამავე დროს, ზაზა შათირიშვილი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას და ამტკიცებს, რომ ისიც „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მოქმედებს.
ირაკლი კობახიძე ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით მსგავსი შეფასებებისგან თავს იკავებს და, როგორც ჩანს, ვაშინგტონთან ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭებას ჯერ არ ჩქარობს. თუმცა "ოცნების" ხელისუფლების გზავნილებიდან იკვეთება, რომ საგარეო კურსის გადახედვა არ იგეგმება და დასავლელი პარტნიორების კრიტიკა კვლავ ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმად არის წარმოდგენილი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენა რეალურად არ სურს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში კარგად იციან, რომ ზაზა შათირიშვილი ივანიშვილის გუნდის არაფორმალურ გზავნილებს ახმოვანებს. მისი შეფასებით, ეს უკვე ღია სიგნალია, რომ "ოცნება" ვაშინგტონის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.
ვრცლლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.