ვინ გასცა 20 ივნისს დარბევის ბრძანება? - "ოცნებასა" და გახარიას გუნდს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაშია
გიორგი გახარიას პარტია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ახალ პოლიტიკურ განცხადებას აანონსებს. „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების თქმით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა დასახელდეს ის პირი, ვინც, მათი შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
პარტიის ერთ-ერთ ბოლო კომენტარში ე.წ. გავრილოვის ღამის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ირაკლი კობახიძე სახელდება, თუმცა არ კონკრეტდება, ვინ იყო საბოლოო პოლიტიკური ბრძანების გამცემი. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა — აპირებს თუ არა საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საზოგადოებას უთხრას, ვინ გასცა ბრძანება სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. იმ ღამეს არაერთი მოქალაქე დაშავდა, რამდენიმე ადამიანმა კი თვალი დაკარგა.
რამდენიმე დღეში 20 ივნისის მოვლენებიდან რვა წელი შესრულდება. ამ დრომდე საზოგადოებას არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვის გადაწყვეტილებას მოჰყვა რეზინის ტყვიების გამოყენება, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდნენ მაკო გომური, გიორგი სულაშვილი და კობა ლეთოდიანი.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გიორგი გახარიამ „უხილავ ხელზე“ ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ამ ტერმინში ბიძინა ივანიშვილს. დისკუსია თემაზე მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტში გამართულ პარტიის ბრიფინგს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა.
ამავე ბრიფინგზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გამოვიდა მოთხოვნით, გაუქმდეს ყველა ის კანონი და რეგულაცია, რომელიც, მათი შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
მათ შორის საუბარია ტროტუარზე დგომასთან, ნიღბის ტარებასთან და საპროტესტო აქციების ფორმებთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებაზე. პარტია ასევე მოითხოვს იმ სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას, რომელიც ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.