DRI: უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს

13.06.26 13:16
DRI: უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება გუშინ, 12 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გასაჯაროებულ კადრებს, სადაც პოლიციელების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს და წერს, რომ უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს.

DRI-ის თქმით, შსს-ს მიერ ფაქტის აღიარების მიუხედავად, უწყება არ აკონკრეტებს, წარდგენილი ბრალის შინაარსს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, 12 ივნისს გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, უწყების მხრიდან გაკეთებული განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს, რაზეც აუცილებლად უნდა გაეცეს დაუყოვნებელი პასუხი: 

  • • რა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა საქმეს და რა ეტაპზეა გამოძიება? 
  • რატომ დასჭირდა რამდენიმე წელი იმ პირების დაკავებას, რომელთა იდენტიფიცირების პრობლემა არ იყო - კადრებში ნაჩვენები ძალადობა განხორციელდა პოლიციის სისტემაში; 
  • • რატომ გაიგო საზოგადოებამ ამ ფაქტის შესახებ მედიისგან და არა სამართალდამცავი უწყებისგან?  
  • • ძალადობის იმ საქმეების გარდა, რაზეც საზოგადოება ინფორმაციას მედიისგან იღებს, რამდენი ასეთი საქმეა იდენტიფიცირებული და რა რეაგირება აქვს შესაბამის უწყებებს.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი, განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის საშიშ არეში (ძირითადად, თავის არეში), სასურველი ჩვენების მიღების მიზანთ, მიზანმიმართულად გამეტებით ურტყამს მოქალაქეს. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება"- წერს DRI.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამსახველი უმწვავესი მოვლენები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მსგავსი სასტიკი და უკანონო მეთოდების გამოყენება სისტემის მხრიდან ჩვეულ პრაქტიკადაა ქცეული. 

ჯერ კიდევ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში, საუბარია ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულთა სერიაზე - წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც ხორციელდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებული არაერთი წყაროთი (მათ შორის, დაზარალებულთა ჩვენებებით) დასტურდება, თუ როგორ ურტყამდნენ ძალოვნები ასობით მოქალაქეს სახისა და თავის არეში, ხოლო მიკროავტობუსებში დაკავებულთა წამება გრძელდებოდა, ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ პროკურატურამ ბრალი ძალოვანი უწყების მხოლოდ 4 მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს არასწორი კვალიფიკაციით წარუდგინა. ამ ძალადობრივი ფაქტების ფონზე, საგანგაშო იყო 2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსნისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებების დარვევისთვის საერთაშორისო სანქციებს დაქვემდებარებული რამდენიმე პირისთვის, „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ფაქტი. 

მიდმინარე წლის 27 მაისს სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ქ. გორში სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად, სასტიკად უსწორდება მოქალაქეს. აღნიშნულ ფაქტზეც პროკურატურამ ბრალი პოლიციელებს ნაცვლად წამებისა, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით წარუდგინა.

უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, რომელიც რამდენიმე პოლიციელის დაკავებას და შედარებით მსუბუქი შინაარსის ბრალდების წარდგენას გულისხმობს, მინიმალურადაც ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს. მსგავსი მიდგომა, განსაკუთრებით კი, ძალადობის ფაქტებზე შერჩევითი რეაგირება, ახალისებს უმძიმესი დანაშაულების ჩადენას - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კი სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ამ ფონზე, იკვეთება საშიში ტენდენცია, რომ მოქალაქეთა მიმართ, მსგავს მძიმე ქმედებებს უწყებები, საპოლიციო ღონისძიების სახედ იყენებენ", - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. 

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები