საქართველოს ევროპული იზოლაცია და ახალი რეალობა კავკასიაში - შეფასებები ოპოზიციაში
უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ახალ ეტაპზე გადადიან - ბრიუსელმა ორივე ქვეყნისთვის შესაბამისი მოლაპარაკებების კლასტერები გახსნა. ანალოგიურ პროცესში საქართველოც უნდა ყოფილიყო, თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე ქვეყანა ამ გზას ჩამორჩა.
ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, ხოლო საქართველო უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების რისკის წინაშე დგას. ბრიუსელში ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა და ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს შეინარჩუნებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას.
ამავე დროს, ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრია მიწვეული. ანალიტიკოსების შეფასებით, სომხეთის როლი ევროკავშირისთვის რეგიონში იზრდება, მაშინ როდესაც საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ბრიუსელის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მიიჩნეოდა, საერთაშორისო იზოლაციის ნიშნებს აწყდება.
ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ევროკავშირის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკის შეწყვეტა, რეპრესიულად შეფასებული კანონების გადახედვა და პოლიტიკურ საფუძველზე დაკავებულ პირთა გათავისუფლება. მათი თქმით, სწორედ "ოცნების" ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.