"საზოგადოებრივ მაუწყებელში" საგანგებო შეხვედრა გაიმართება

15.06.26 11:48
"საზოგადოებრივ მაუწყებელში" საგანგებო შეხვედრა გაიმართება

 

 

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" საგანგებო შეხვედრა დღეს გაიმართება - ბორდის წევრებმა პირდაპირ ეთერში, სცენაზე მომხდარ ინციდენტზე უნდა იმსჯელონ, რა დროსაც არასრულწლოვანი გოგონა დაეცა, თუმცა ეთერი ისე გაგრძელდა, რომ დაშავებულისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

დღევანდელი სხდომა ბორდის წევრების ლიკა ბასილაია-შავგულიძისა და ლაშა ტუღუშის მოთხოვნით დაინიშნა, თუმცა ის დახურულ რეჟიმში ჩატარდება. გადაწყვეტილება მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, რომელმაც შეხვედრას „სამუშაო ფორმატის“ სტატუსი მიანიჭა.

უცნობია  დაესწრება თუ არა საგანგებო სხდომას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. მისი სხდომაზე მოთხოვნა ლაშა ტუღუშმა ოფიციალურად მოითხოვა.

მნიშვნელოვანია, სხდომას ესწრებოდეს გენერალური დირექტორი და შესაბამისი სამსახურების უფროსები, იმიტომ, რომ რეალურად ისინი არის პირველ რიგში პასუხისმგებლები იმ ვითარებაზე, რომელიც ხდება ტელევიზიაში, როდესაც საქმე ბავშვის უსაფრთხოებას ეხება. 

ველოდებით, რომ ეს სხდომა იქნება საჯარო. ველოდებით, რომ ამ სხდომას დაესწრებიან პასუხისმგებელი პირები, და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება გასაგები. ის განცხაებები და პასუხები რაც მოვისმინეთ [საზოგადოებრივი მაუწყებელისგან] არ არის ადეკვატური"- თქვა ტუღუშმა. 

კადრებმა, სადაც ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის"  ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ინციდენტი 9 ივნისს დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები. 

ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.  

განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას. 

განმარტების გაკეთება მოუწია “სიმღერის აკადემიასაც” - მათი თქმით,  "პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა".

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავას დაიწყებს.

 

მსგავსი სიახლეები