ელისო კილაძე: მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას მთავაზობდა
ჟურნალისტი ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე "ოცნების" მაღალჩინოსნების გაშავებას სთავაზობდა.
"ქრონიკა +"- ისა და CNEWS-ის დამფუძნებლის მტკიცებით, უარის შემდეგ, სუს-ის ექს შეფმა მის წინააღმდეგ საქმე შეკერა.
კილაძის მტკიცებით, მდინარაძე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კახი კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურის და უჩა მამაცაშვილის გაშავებას სთავაზობდა.
"ვინც ეს ხალხი დააზარალა ეს ოთხი პირი, არის თავისუფალი. რაც შეეხება მოწმეებზე ძალადობას, ამან არავინ აკეთებს.
საქმის მოწმეების ვინაობა ცნობილია იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის. იმ მოწმეებმა საქმის გამოყოფამდე მისცეს ჩვენებები. რატომ ვარ ამ ჯგუფში არ ვიცი, მათგან სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ არიან. ვინ უნდა იძალადოს მათზე. ასევე არის ერთი პირი, რომელიც მდინარაძის შუამავალი იყო ჩემთან, მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას მთავაზობდა და მიღებული უარის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ეს საქმე შეკერა”, - განაცხადა CNEWS-ის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე.
კილაძემ მისი სასამართლო პროცესების საჯაროობა კიდევ ერთხელ მოითხოვა. როგორც მან თქვა, 162 ტყული აქვს დათვლილი ჩვენებებში.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თუ კი მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა იქნება ეს უფრო მეტად დაამძიმებს საქმეს:
“მე დათვლილი მაქვს ტყუილებიც ჩვენებებში, 162 ტყუილი მაქვს დათვლილი ჩვენებებში. კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ჩვენება მუცემულია მაშინ როცა ჩემი საქმე გამოეყო. თუ კი მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა იქნება უფრო არ დაამძიმებს ჩემს საქმეს? რა ძალადობაზე ვსაუბრობთ საერთოდ, მე ვარ საჯარო პირი და მინდა ჩემი საქმე იყოს საჯარო”-აცხადებს ელისო კილაძე სასამართლო სხდომაზე.
შენიშვნა: ელისო კილაძის სიტყვას გამოცემა CNEWS ავრცელებს.
ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.