"სიტყვების მონიტორინგის" სამმართველოს პირველი პროცესი - შოთა თუთბერიძეს შსს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება
შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო, (რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები "სქროლვა-სქრინვის" სააგენტოს უწოდებენ) ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება.
"სიტყვების მონიტორინგის" სამმართველოს პირველი პროცესი ამ წუთებში, საქალაქო სასმართლოში მიმდინარეობს.
მომჩივანი არის შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი - სწორედ კეპაშვილმა დასქროლა სოციალური ქსელი და მან შეადგინა სამართალდარღვევის ოქმიც.
საქმეს მოსამართლე დავით მაკარაძე იხილავს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ტროტუარზე დგომისთვის ათობით ადამიანი ციხეში გაუშვა, ამიტომაც სხდომაზე შოთა თუთბერიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ბასილაიამ პირდაპირ უთხრა დავით მაკარაძეს, რომ გადაწყვეტილებებს "შეკვეთის საფუძველზე იღებს".
პროცესზე სიტყვით ისარგებლა შოთა თუთბერიძემაც და დარბაზს განუმარტა, რომ თავად ნინო წილოსანი მისი კომენტარის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.
საქმის მასალებში, რაც მე გადმომეცა არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც ნინო წილოსანმა შეურაცხყოფილად იგრძო თავი. არ არის შეურაცხყოფილი", - განაცხადა თუთბერიძემ.
საქმის აბსურდულობაზე მიუთითა სასამართლო პროცესზე უფლებადამცველმა ნიკა სიმონიშვილმაც:.
ეს საქმეც განწირულია წასაგებად ევროსასამართლოში, რადგან შსს ელემენტარულ სტანდარტს არ იცავს შსს", - განაცხადა სიმონიშვილმა.
შოთა თუთბერიძეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან დღეს დაურეკეს - ადვოკატის თქმით, შეუძლებელია შსს-ს საჩივარის სერიოზულად აღქმა.
როგორც უფლებადამცველმა პროცესის დაწყებამდე "პირველებთან" განაცხადა, შსს ახალმა სამმართველომ "ქართული ოცნების" "გამორჩეული და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი სახეების ფბ-პოსტების ყარაულის როლი მოირგო".
დამირეკეს სასამართლოდან, რომ "სქრინვა-სქროლვის" დეპარტამენტმა ერთ-ერთ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც მე გავაკეთე ერთ-ერთი ქართველი პარლამენტარის და საზოგადო მოღვაწის, ნინო წილოსანის პოსტზე დაიწყო მოკვლევა განსაკუთრებით საქმეთა ინპექტორმა. მან შეადგინა ოქმი და დღეს ვართ სასმართლოში ამ საქმის განსახილველად. არ შეიძლება ამ პროცესს სერიოზულად შევხედოთ, თუმცა თვალშისაცემია ის, რომ, როგორც ჩანს, გლახად გაკეთებულმა გენერალ-კოორდინატორმა იპოვა თავისი ფუნქცია და შეითავსა "ქართული ოცნების" გამორჩეული და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი სახეების ფბ-პოსტების ყარაულის როლი", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას პირველი ივნისიდან შეუდგა. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“.
ახალი სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილია. "სიტყვების მონიტორინგის" სააგენტო ამ ეტაპზე ათი ადამიანისგან არის დაკომპლეტქებული.
- შსს-ის ინფორმაციით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში დააკვირდება საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს. იგი გამოავლენს სავარაუდო სამართალდამრღვევ პირებს და დაადგენს მათ ვინაობას.
- იგივე სამმართველო მოამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და შეადგენს ოქმებს. ამის შემდეგ საქმეები, განსჯადობის წესების დაცვით, სასამართლოებს გადაეგზავნება.