რეპრესიების ანატომია - საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე - Amnesty International-ის ანგარიში საქართველოზე
“რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - ამ სათაურით აქვეყნებს საქრთველოზე ანგარიშს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის.
Amnesty International-ის ანგარში რამდენიმე თავს მოიცავს.
კრიტიკოსთა ცილისწამება და რეპრესიული კანონები
სასტიკი რეპრესიები მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ
"მომიტინგეთა უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა"
- უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ, მოსამართლეები მომიტინგეებს თვითნებურად უფარდებენ უკიდურესად მაღალ ჯარიმებს, ადმინისტრაციულ პატიმრობებსა და თავისუფლების აღკვეთას იმ საქმეებზე, რომელიც საპროტესტო აქციებთანაა დაკავშირებული. ამჟამად, 150-ზე მეტი ადამიანი უსამართლოდ რჩება პატიმრობაში.
- 2024 წლის დეკემბერში, მომიტინგეებს გზის სავალ ნაწილზე დგომისთვის მკაცრი ჯარიმები დაეკისრათ – 5 000 ლარის (დაახლოებით 1 800 აშშ დოლარის) ოდენობით, რაც ქვეყანაში საშუალო თვიურ ხელფასზე ორჯერ მეტია. 2025 წლის დეკემბრისთვის კი მოქალაქეებს უკვე ტროტუარზე დგომისთვისაც აჯარიმებდნენ, - ნათქვამია ანგარიშში.
Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა.
ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს სამართალდამცავებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ჯგუფების მხრიდან წამების, სხვა არასათანადო მოპყრობისა და ძალის უკანონო გამოყენების ყველა ბრალდება და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით.