"ოცნების" ხელისუფლება დამოკიდებულ და პოლიტიკური გავლენებით გავსებულ სასამართლოზე დგას" - ჩელე ყურუა
იურისტმა, ბორის (ჩელე) ყურუამ პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ დგას დამოკიდებულ და პოლიტიკური გავლენებით გავსებულ სასამართლოზე".
მისი თქმით, დამოკიდებული სასამართლო საქართველოს ხელისუფლების ინსტრუმენტია, რაც ახლა ყველაზე მეტად ჩანს.
ჩელე ყურუა აღნიშნავს, რომ არ შეიძლება იმის მოთმენა, როცა "ადამიანი, რომელსაც შენ ფულს უხდი იმისთვის, რომ დაგიცვას, მოქმედებს პირიქით, ოღონდ შენ ფულს მაინც იღებს".
... კიდევ და კიდევ, სასამართლოს დამოუკიდებლობა არავის აწყობს გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ დგას დამოკიდებულ და პოლიტიკური გავლენებით გავსებულ სასამართლოზე. ეს არის მათი ინსტრუმენტი და რაც ახლა ყველაზე მეტად ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ 4 ოქტომბრის საქმეებს ვაკვირდებოდით, ახლა პოლიტიკოსების სასამართლოების საქმეს ვაკვირდებით და როგორ შეიძლება სასამართლო გაათავისუფლო, ამ ქვეყანაში გქონდეს ინსტიტუტი, სადაც პატარა კაცს "უპატრონო, უბატონო" ადამიანს შეუძლია, რომ საკუთარი სიმართლე იპოვოს და მეორე მხრივ ჰქონდეს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად იმაზე ფიქრობს, როგორ დარჩეს კიდევ ერთი საათით მეტხანს ხელისუფლებაში.
მთავარი რაც არის, მნიშვნელობა არ აქვს რომელ პარტიას აძლევ ხმას და როგორი პოლიტიკური გემოვნების ხარ, არ შეიძლება უბრალოდ ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც შვილმოკლულ დედას სჭირდება, რომ მედიებში იაროს და Live-ები ჩართოს იმისთვის, რომ კონკრეტული საქმე იქნეს გამოძიებული; არ შეიძლება, როცა შენზე იძალადებენ და მერე პოლიციაში მიხვალ, ორი ღამე გაგაჩერონ და სანამ Tiktok-ზე ვიდეოს არ ჩაწერ, მანამ სავარაუდო მოძალადე არ დააკავონ; არ შეიძლება, რომ შენზე ძალადობის შემდეგ გთხოვდნენ კადრებს, რატომ არ გადაიღე როგორ გცემდნენ და ვიდეოში უნდა ვნახოთ ეს ყველაფერიო. მე თუ გადავიღე, მე თუ გამოვაქვეყნე, მე თუ გამოვიძიე, მტკიცებულებების ფიქსაცია მე თუ მოვახდინე, რაში მჭირდება მაშინ პოლიცია. გასაგებია, რომ ქვეყანაში არსებობენ "პატრონიანი" ადამიანები, ვისაც პოლიცია არ ეხება, მაგრამ ეს "უპატრონოები" ვინც ვართ ერთმანეთს თუ არ დავუდექით გვერდში და საზოგადოებამ კონსოლიდაცია თუ არ მოახდინა ამგვარი ფაქტების ირგვლივ, უბრალოდ დავიჩაგრებით და გავწყდებით. არ შეიძლება იმის მოთმენა, როცა ადამიანი, რომელსაც შენ ფულს უხდი იმისთვის, რომ დაგიცვას, მოქმედებს პირიქით, ოღონდ შენ ფულს მაინც იღებს," - განაცხადა ჩელე ყურუამ.