8 პოლიტიკოსის საქმე - ვინ დაიკითხება დღევანდელ სასამართლო პროცესზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში რვა ოპოზიციური ლიდერის პროცესი იწყება. დახურულ სასამართლო სხდომას მოსამართლე თამარ მახარობლიძე წუთი-წუთზე გახსნის.
პროკურატურა დღეს 7 მოწმეს გამოკითხავს, მათ შორის ერთი არის პარლამენტის წარმომადგენელი.
პროკურორ ანი ხუჯებაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ასევე ჩვენებას მისცემენ ის გამომძიებლები, რომლებმაც ოპოზიციონერი ლიდერების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.
„დღევანდელი პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. დაიკითხებიან პირები, რომლებიც პარტიების ოფისების ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები, საჯარო ინფორმაციები მათი მოწოდებების შესახებ, გამომძიებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, მათი ძალადობრივი ქმედებების შესახებ, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციები, სადაც ასახულია მათი შეთანხმება ისეთი ტიპის ქმედებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული”, - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.
8 პოლიტიკოსიდან დღეს განსასჯელის სკამზე ისხდებიან ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ ჯაფარიძე. პროცესზე არ იქნებიან: ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და გიოგრი ვაშაძე.
პოლიტიკოსების თქმით, მთავარი მტკიცებულება საქმეში მათი შეხვედრებია უცხოელ პარნტიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
როგორც პროცესის დაწყებამდე მედიასთან "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ დევნის საქმეს პასუხი გაეცეს ერთიანობით და სიმშვიდით.
ამ უსამართლობას და ზეწოლას უნდა ვუპასუხოთ სიმშვიდით, რწმენით, ერთიანობით და ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ დევნაზე. არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი წონასწორობსი დაკარგვა, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.