"ქოცები ვერ ლაგდებიან ქოცურ ფასად" - რას ამბობენ ოპოზიციაში ევროპარლამენტის ანგარიშზე
"როგორც კი საქმე ეხება მის პერსონალურ ფინანსურ მდგომარეობას, ივანიშვილი იმ წუთში იცვლის ფერს და ზნეს" - ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურებიან.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ქართული ოცნება" დასავლეთთან "ქოცურ ფასად ვერ ლაგდება". მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ პერსონალური ფინანსური მდგომარეობა ადარდებს.
ქოცები ვერ ლაგდებიან ქოცურ ფასად, მათ ცადეს როგორც ამერიკასთან, ასევე ევროპასთან ქოცურ ფასად, ანუ უმოქმედობის პირობებში დალაგება, ეს რა თქმა უნდა არ გამოვიდა იმიტომ, რომ არავის არ აინტერესებს ქოცებთან ნორმალიზება, თუ ქოცები არაფერს არ გააკეთებენ საამისოდ. მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის ძალიან დიდ შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაკარგავს საკუთარ სახსრებს, შიშს, რომ ბრიტანეთის და აშშ-ის კვალდაკვალ უკვე ევროპული კავშირიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შრის ფინანსური მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი რამ, რაც ამ ადამიანს აინტერესებს ცოტა მაინც, ეს არის მისი პერსონალური ფინანსური მდგომარეობა. როგორც კი საქმე ეხება მის პერსონალურ ფინანსურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა ივანიშვილი იმ წუთში იცვლის ფერს და ზნეს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ პირადი ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები ამოძრავებს და თუ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება დასჭირდა ამისთვის, ასეთ ნაბიჯს გადადგამს.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ივანიშვილისთვის არის მისი პერსონალური ინტერესები და მისი პერსონალური ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები, სწორედ ამ საოპერაციო მოდულით მართავს მთელ "ოცნებას", მთელ სისტემას, რომელიც მის მსახურებაშია გადასული. სხვა ინტერესი ივანიშვილს არ ამოძრავებს, შესაბამისად თუ დასჭირდა მას რაციონალური გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ მის ინტერესებს შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, ასეთ ნაბიჯს გადადგამს და ნამდვილად არ აინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც დღეს მის გვერდში დგანან, ერთი ხელის მოსმით შეუძლია ბუდიდან გადმოყაროს ეს ბარტყები ისე, რომ თვალს არ დაახამხამებს," - ამბობს ბერდია სიჭინავა.
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.