უსამართლობასა და ზეწოლას სიმშვიდით, ერთიანობითა და რწმენით უნდა ვუპასუხოთ - ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკოსების საქმეზე
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
როგორც მან პროცესის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, აუცილებელია, რომ დევნის საქმეს პასუხი ერთიანობით და სიმშვიდით გაეცეს.
„უსამართლობასა და ზეწოლას, ჩვენ სიმშვიდით, ერთიანობითა და რწმენით უნდა ვუპასუხოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ დევნასა და უსამართლობაზე.
არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი წონასწორობის კარგვა. გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და ამას ჩვენ სიმშვიდე და რწმენა უნდა შევაგებოთ. საზოგადოებას კი აუცილებელია ერთიანობისკენ, წინააღმდეგობებისა და განსხვავებების გადალახვისკენ მოვუწოდოთ. ეს არის გამოსავალო არ რთულ სიტუაციაში",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.