პოლიტიკური ლიდერების საქმე - რა (ვერ) თქვა მოწმემ სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, კახა ლამაზოშვილი დაიკითხა.
მოწმე სასამართლოს დარბაზში კითხვებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.
როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, შსს-ს თანამშრომელმა განაცხადა, რომ მან მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მოწოდებები გაიგონა, რომლებიც ხალხს აორგანიზებდნენ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ყვება, რომ მოწმე სასამართლოში ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური ლიდერები ხალხს პარლამენტის შენობის აღებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა არ ახსოვს კონკრეტულად სად იყო, იყო თუ არა სცენა და სხვა დეტალები.
ამასთან, მოწმის თქმით, აღნიშნული მოწოდებები 28 ნოემბერს მოისმინა, თუმცა პატაკი მაისში შეადგინა. ადვოკატების კითხვაზე, რას ელოდებოდა რამდენიმე თვე, შსს-ს თანამშრომელმა განაცხადა, რომ "არ იცის".
მოწმემ მოყვა, რომ დაინახა, როგორ მიმართა ხალხს მამუკა ხაზარაძემ, რომ პარლამენტის შენობა უნდა ავიღოთო, თუ რაღაც ასეთი. არ ვიცი, მაინც და მაინც რატომ დაადო ხელი მამუკა ხაზარაძეს. მოკლედ, მამუკას და ბადრის დაადო თავიდან ხელი. თქვა, რომ ხალხს მოუწოდესო და მერე ეს ხალხი აგრესიული გახდა, ჩვენ დაგვეჯახნენ და მიიწევდნენ პარლამენტის შენობის აღებისკენო. არ ახსოვს, ზუსტად სად იყო, არ ახსოვს, იქ სცენა იყო, თუ არა, არ ახსოვს მიკროფონი იყო, თუ არა, არ ახსოვს მეგაფონი იყო თუ არა - არაფერი არ ახსოვს საერთოდ, მაგრამ ახსოვს, რომ რაღაც დავინახეო, როგორ მოუწოდესო.
როცა კონკრეტულად ვერ თქვა, რომ კონკრეტულად ესენი იყვნენო, მერე და მერე თქვა, რომ იქო სხვა ლიდერებიც იყვნენო და ჩამოთვალა: ახსენა მელია, გვარამია, ხაბეიშვილი. მერე პროკურორმა წაუკითხა ჩვენება, სადაც წერს, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებიო და იქ მელია და გვარამია არიან ნახსენები, რომ ასევე დაინახა იქ როგორ მოუწოდებდნენ ხალხს რაღაცებისკენ. მერე ადვოკატებმა დაუსვეს კითხვა, რომ თუ შეგიძლია გვითხრა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთი პარტია არის, თუ რა არისო და მოწმემ თქვა, რომ ერთი პარტია არისო. შემდეგ ჰკითხეს, ამ პარტიის ლიდერები თუ შეეძლო ჩამოეთვალა და არ ვიციო. ეს ადამიანი ყვება, რომ დავინახეო ეგეთი მოწოდებები გააკეთესო ვიღაც პოლიტიკურმა ლიდერებმა, ამ მიზეზით დაიწყო აგრესიაო და ეს ხდება 28 ნოემბერსო. პირველად ეს ადამიანი გამოკითხული არის მაისში. ადვოკატებმა კითხეს, ესეთი საშინელებები თუ ნახეო, ქვეყანა იქცეოდა და დაინახე პოლიტიკოსები როგორ მოუწოდებდნენ ხალხს და აორგანიზებდნენ მაისამდე პატაკი რატომ არ დაწერეო, მოწმემ არ ვიციო," - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოწმემ პროცესზე ფაქტობრივად არაფერი თქვა - "შეუძლებელია სახელმწიფოს უფრო მეტი საბოტაჟი წარმოიდგინო, ვიდრე ამ საქმის წარმოებაა".
მოწმე პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც ფაქტობრივად არაფერი თქვა, საბოლოოდ არაფერს არ ადასტურებს, არც პიროვნებას, არც დროსა და თარიღს.
კითხვაც არ მქონია, ჩემზე თქვა რომ აქციაზე მისული ვიყავი... მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იმდენად აზიანებს ამ ქვეყანას, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს უფრო მეტი საბოტაჟი წარმოიდგინო, ვიდრე ამ საქმის წარმოება და პოლიტიკური დევნაა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კოდახიშვილი განმარტავს, რომ შსს-ს თანამშრომლის თქმით, მან ნიკა მელია აქციაზე დააფიქსირა, თუმცა "სად, რა ვითარებაში, რა თქვა ნიკამ მას არ გაუგია".
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ამ მრვაალტომიან საქმეში ნიკა მელია ნახსენები ჰყავს 2 თუ 3 მოწმეს, მათ შორის დღევანდელ მოწმეს, რომელმაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა ერთადერთი რამ, ვიზუალურად დაფიქსირებული ჰყავს ნიკა მელია აქციებზე, მაგრამ სად, რა ვითარებაში, რა თქვა ნიკამ მას არ გაუგია, ვინაიდან არ შეუძლია მეტი დეტალიზაცია. ზოგადად დაასახელა, რომ ნიკა მელია, როგორც პოლიტიკური ლიდერი ნამდვილად იყო აქციებზე. სწორედაც რომ ეს არ არის დანაშაული. პოლიტიკური ლიდერი რომ იყოს აქციებზე, ეს რა თქმა უნდა დანაშაული არ არის," - თქვა გიორგი კონდახიშვილმა.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.