დაუგეგმავი ვიზიტი თბილისში - რა ინფორმაცია მიაწოდეს წამების კომიტეტის წევრებს დაპატიმრებულმა პოლიტიკოსებმა
ლევან ხაბეიშვილი, ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ნადირაძე, ელენე ხოშტარია და კიდევ 10-მდე პატიმარი. "პირველების" ინფორმაციით, წამების კომიტეტის პრეზიდენტმა ციხეებში გახმაურებული საქმეებზე დაკავებულები მოულოდნელი ვიზიტის დროს მოინახულა.
ევროსაბჭოს სპეციალური მისია საქართველოს ციხეებში მდგომარეობის შესამოწმებლად 2 წლის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა იმ ფონზე როდესაც ციხეებში, ევროპარლამენტის შეფასებით, არა ერთი პოლიტიკურ პატიმარი იხდის სასჯელს, სტრასბურგიდან მისია ისევ გამოაგზავნეს.
რას ნიშნავს წამების კომიტეტის პრეზიდენტის დაუგეგმავი ვიზიტი თბილისში? - როგორც წესი, წამების კომიტეტი წევრ ქვეყნებში გეგმიურ ვიზიტებს ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ ახორციელებს. დაუგეგმავი ვიზიტები ხდება მაშინ, როდესაც არსებობს ინფორმაცია უფლებების სისტემატური დარღვევის შესახებ - ასე იყო საქართველოში 2021 წელს, როდესაც ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლებმა ციხეები შეამოწმეს და ე.წ მაყურებლების მეშვეობით ციხეების მართვის პრობლემა გამოავლინეს.
თბილისში მყოფი წამების კომიტეტის პრეზიდენტს აინტერესებს, როგორ სრულდება მისი რეკომენდაციები - დასაჯეს თუ არა მოძალადე პოლიციელები, მაიდენტიფიცირებელი ნომრები აქვთ თუ არა სპეცრაზმელებს, არის თუ არა ციხეებში საკმარისი ექიმების რაოდენობა - ყველა ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ალან მიჩელი შეეცდება. წამების კომიტეტმა კობახიძის მთავრობას არაერთხელ მოუწოდა არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებასთან გათანაბრებულ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაესაჯა, გამოძიება დროული და ეფექტური ყოფილიყო.