რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია - მაკა ბოჭორიშვილი
ზოგადად ამ რეზოლუციაში თუ ანგარიშში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, რომ დოკუმენტი სერიოზულად შეაფასო, რამე პოზიცია სერიოზულად გამოხატო - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია:
„ზოგადად ამ რეზოლუციაში თუ ანგარიშში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, რომ დოკუმენტი სერიოზულად შეაფასო, რამე პოზიცია სერიოზულად გამოხატო. იცით, ვინც არის ანგარიშზე მომხსენებელი. ეს არ არის ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ბევრი ვნახეთ. ერთის მხრივ, პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორეს მხრივ, ყველანაირ მექანიზმს და ყველანაირ საშუალებას იყენებენ, იმისათვის რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება სწორედ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ევროპარლამენტი, გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად საქართველოს წინააღმდეგ.
„ძალიან სამწუხაროა ერთი რამ – ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, ასე გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა გარკვეული ზეწოლა განახორციელონ ან სცადონ განხორციელება ჩვენს საზოგადოებაზე, განამტკიცონ საქართველოს შესახებ სრულიად ცრუ ნარატივები. ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია, ბევრი დებულება მეტად მანიპულაციურია. შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება. თქვენ ნახავდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ ტექსტთან დაკავშირებით და ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც თავდასხმას ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებაზე. ნამდვილად მიუღებელია, რომ ეს ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელით კეთდება,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა ფორმა და მიზნობრიობა უჩვეულოა საერთაშორისო პრაქტიკისთვის და აჩენს დამატებით კითხვებს:
„უვიზო მიმოსვლის შეჩერება კლასიფიცირებულად უკვე განხორციელებულია, ამგვარი მექანიზმი აამოქმედეს უჩვეულოდ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად წარმოუდგენელი რამ არის საერთშორისო ურთიერთობებში მაშინ, როდესაც დიპლომატები პირველ რიგში ეს ის ხალხია, ვინც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, და ვინც, პირიქით, სარგებლობენ ხოლმე გარკვეული პრივილეგიებით, იმიტომ რომ სწორედ მათ ხელში უნდა იყოს ნებისმიერი რთული ურთიეთობების მოგვარებაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილად უჩვეულოა ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც სწორედ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი“.
მინისტრის თქმით, საქართველოს მხარე აგრძელებს დიალოგს ევროკომისიასთან და აქტიურად მუშაობს ყველა საკითხზე, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების შეფასებაზე, რომლებიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება.
„იცით რომ ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი შეხვედრა ევროკომისიასთან, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე და ზოგადად ყველა იმ საკითხზე რასაც უკავშირდებოდა ამ შემთხვევაში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას,“ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.