გორდულაძე ამტკიცებს, რომ ო'ფლაერტის ანგარიში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

19.06.26 13:32
გორდულაძე ამტკიცებს, რომ ო'ფლაერტის ანგარიში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშს „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს. არჩილ გორდულაძის განცხადებით, მაიკლ ო'ფლაერტის შეფასებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკური ხასიათისაა. გორდულაძის მტკიცებით, ანგარიშში წარმოდგენილი კრიტიკა „ნეოლიბერალური პოლიტიკის“ ნაწილია და ადამიანის უფლებების საკითხებს არ ეფუძნება. 

ბატონი ო'ფლაერტი არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი და წესით და რიგით, იგი კარგად უდა ერკვეოდეს ადამიანის უფლებებში და ამავდროულად, მის განცხადებებში იგი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული. მათ შორის, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასებებიც ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, მთავარია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვერსად ვნახეთ და ვერც ვნახავთ ვერცერთ სამართლებრივ ნაწილს, იმიტომ, რომ ასეთი რამე ბუნებაში არ არის და ვერც ვერანაირი კრიტიკა სამართლებრივ ნაწილში ვერ იქნებოდა. ე.წ. კრიტიკა სრულად დაცლილია სამართლებრივი ნაწილისგან და მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმ პოლიტიკის განსახორციელებლად, რომელიც, სამწუხაროდ, დაბუდებულია ევროკავშირის მასშტაბით, რომელსაც ცრუ და ნეოლიბერალური მათ შორის ადამიანის უფლებების სრულად ფეხქვეშ გათელვის და სეგრეგაციის მცდელობის პოლიტიკა ჰქვია, - ამბობს არჩილ გორდულაძე.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოს შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელშიც "ოცნების" ხელისუფლებას სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა და შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ანგარიშში კრიტიკულადაა შეფასებული „უცხოური გავლენის“ კანონები, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები და მედიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები. ასევე მოთხოვნილია აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. „ტროტუარის საქმეების“ შეწყვეტა და საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიება. 

მსგავსი სიახლეები