„ივანიშვილის მიზანია, ტყვეებით გაავსოს კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს“ - კუპრაძე

19.06.26 14:34
„ივანიშვილის მიზანია, ტყვეებით გაავსოს კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს“ - კუპრაძე

შვიდი მსჯავრდადებული მოქალაქე „პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლია“, ხოლო მათთვის თავისუფლების აღკვეთა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დავალების შესრულებას ემსახურება, — ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია. კუპრაძე ასევე ამტკიცებს, რომ პროცესში სასამართლო და პროკურატურა მმართველი გუნდის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„ივანიშვილის გუნდი შუა საუკუნეობრივი შურისძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. მისი მიზანია, უახლოეს მომავალში ტყვეებით, თავებით, ადამიანებით, მათ შორის აკადემიკოსებით, პროფესიული წრეებით, მშენებლებით, პატრიოტი მოქალაქეებით გაავსოს ტყვეების ის კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ პერსონალური მერკანტილური ინტერესების დასაცავად. ივანიშვილს არ ანაღვლებს არაფერი, გარდა საკუთარი ფინანსების უსაფრთხოებისა. მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ივანიშვილი, მურუსიძის სასამართლო და მას დაქვემდებარებული პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პროკურატურა აკეთებს მხოლოდ ივანიშვილის საქმეს და მომავლის პროგნოზი აჩვენებს იმას, რომ მოსალოდნელია პერსონალური პასუხისმგებლობების დაყენება, მათ შორის სანქციების სახით ივანიშვილზე, ივანიშვილი დაკავებულია შუასაუკუნეობრივი შურისძიებით, ტყვეთა სყიდვით, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. ამ შვიდი მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი საპატიმროში გამოკეტვა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმით, რომ ისინი არ აღიარებენ პროკურატურის და მურუსიძის სასამართლოს მიერ შეთავაზებულ მძიმე ბრალდებებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება, რომელსაც ასრულებს, ერთი მხრივ, ძალადობრივი, დანაშაულებრივი პროკურატურა, რომელმაც არ გამოიძია არცერთი თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტთა კორპუსზე, სამოქალაქო სექტორზე, ამის პარალელურად მურუსიძის სასამართლო ადებს საბოლოო ბეჭედს იმ უკანონობას და ძალადობას, რაც ივანიშვილმა „ანტიქართულმა ოცნებამ“ დააკანონა. სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პატიმარს.

ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ერთობითა და ჩვენი აქტიური თანამშრომლობით დასავლელ პარტნიორებთან ვამხილოთ ივანიშვილის რეპრესიული რეჟიმი და ყველას მოუწიოს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ხდება დღეს, სასამართლო დარბაზებში, პროკურატურის ოფისებში. ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს აშინებს ეს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობა, რასაც ივანიშვილი ვერ გაექცევა. ეს დანაშაულებრივი კასტა აუცილებლად აგებს პასუხს პერსონალურად ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თამადობით“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსგავსი სიახლეები