ხალხი ევროკავშირს ირჩევს - რას ამბობს ახალ კვლევაზე ოპოზიცია და რას ამტკიცებენ "ოცნებაში"

19.06.26 20:34
ხალხი ევროკავშირს ირჩევს - რას ამბობს ახალ კვლევაზე ოპოზიცია და რას ამტკიცებენ "ოცნებაში"

მიუხედავად იმისა, რომ"ოცნების" გუნდი ევროკავშირსა და ევროპელ პოლიტიკოსებს თითქმის ყოველდღიურად აკრიტიკებს, საზოგადოების განწყობები უცვლელი რჩება. უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების მრავალწლიანი ანტიდასავლური კამპანია მოქალაქეების არჩევანზე გავლენას ვერ ახდენს.

ევროპული პროგრამა „EU NEIGHBOURS EAST“-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 71% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 79% დარწმუნებულია, რომ წევრობა ქვეყანას სარგებელს მოუტანს, 56% ფიქრობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონებმა დააზიანა, ხოლო 87% მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მეტი უნდა გააკეთოს. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი პასუხისმგებლობას "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკაში ხედავს და ქვეყნის ამჟამინდელ კურსს არ ეთანხმება.

ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ დასავლეთთან დიალოგისთვის მზად არის. კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება „დიალოგისთვის და არა თითის ქნევისთვის“ არის მზად, ირაკლი კირცხალია კი აცხადებს, რომ პრობლემა ევროპაში კი არა, ევროპულ ბიუროკრატიაშია.

თუმცა ეს მხოლოდ დღევანდელი განცხადებები არ არის. "ოცნების" გუნდი უკვე თვეებია ევროპელ ლიდერებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებს. პარალელურად, ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ „გარე ძალებზე“, მათ გავლენებზე და შეთქმულების თეორიებზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში იმასაც ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მათი მიზანი არასოდეს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ავალდებულებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კვლევა "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის მარცხს ადასტურებს.

მიუხედავად დიალოგის შესახებ განცხადებებისა, "ოცნება" არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რასაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს. საუბარია როგორც სადავო კანონების გადახედვაზე, ისე იმ პატიმრების საკითხზე, რომელთა საქმეებზეც საერთაშორისო პარტნიორები ადამიანის უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ.

ამავე დროს, 24 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილ განხილვაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის კრიტიკას აგრძელებს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპოოორტაჟში.

მსგავსი სიახლეები