სანამ არ იქნება სააკაშვილი გადაყვანილი, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ - ნიკა მელია
სანამ არ იქნება სააკაშვილი გადაყვანილი, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, საპროტესტო აქციაზე საზოგადოებას მიმართა. მისი ინფორმაციით, ამ წუთებში ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება და მის პოზიციას გააცნობს. მელიას თქმით, ხელისუფლება საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ პროტესტი ჩაეხშო.
მე აქ დღეს არ დაგიმალავთ და კონკრეტული გეგმით ვარ წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის. გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. რა თქმა უნდა, გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანებს გადაყვანა რომ ნდომოდათ, გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, მაგრამ თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს მხარდასაჭერ განცხადებებს, დიახაც, რომ არა ეს ბრძოლა, მერწმუნეთ, არც ერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა. ეს არის ის, რაც უნდოდა "ქართულ ოცნებას", ჩავეთრიეთ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში.
ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებიათ ძალა და როგორ ჩაეხშოთ პროტესტი და უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ მიხეილ სააკაშვილი, მადლობა, რომ არ აყევით ამ რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ და რუსული ოცნება არ ავუხდინეთ, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო, სისხლიან დაპირისპირებას. დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს.
სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ. დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სანამ არ გადაიყვანენ და არ დავინახავთ, რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ ", - თქვა მელიამ.