ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი "ოცნებას" სისტემურ დარღვევებში ამხელს - როგორ პასუხობს ივანიშვილის გუნდი კრიტიკულ ანგარიშს
გააუქმეთ შემზღუდავი კანონები, დააჩქარეთ გამოძიება და დასაჯეთ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები - ამ რეკომენდაციებით მიმართავს ივანიშვილის ხელისუფლებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი. თბილისში ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში ის ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას მწვავედ აფასებს და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.
კრიტიკული ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კომისარი "ოცნების" ხელისუფლების, სამართალდამცავი უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია. მათ შორისაა მოწოდებები შემზღუდავი კანონმდებლობის გადახედვის, საპროტესტო აქციების დაშლის დროს გამოყენებული საშუალებების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის გასაჯაროებისა და სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა. კომისარი ყურადღებას ამახვილებს მომიტინგეების მიმართ დაწესებულ სანქციებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის შექმნილ დაბრკოლებებზე, კრიტიკული მედიის მიმართ მზარდ ზეწოლასა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებზე.
მაიკლ ო'ფლაერტი კვლავ ითხოვს იმ სამართალდამცავების გამოვლენასა და დასჯას, რომლებიც მოქალაქეების მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ასობით საჩივრისა არაადამიანური მოპყრობისა და ძალის გადამეტების შესახებ, გამოძიების შედეგები შეზღუდულია და დაუსჯელობის პრობლემა კვლავ რჩება.
კომისარი აღნიშნავს, რომ ასობით მომიტინგე საუბრობს არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცავს დაეკისრა. მისივე შეფასებით, გამოძიება გაჭიანურებულია და ხშირად არასათანადო სამართლებრივი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, მაშინ როცა რიგ შემთხვევებში გამოვლენილია შესაძლო წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნიშნები.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.