ელისაშვილის საქმეზე მთავარი მტკიცებულებების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა ხდებოდა პროცესზე

19.06.26 21:12
ელისაშვილის საქმეზე მთავარი მტკიცებულებების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა ხდებოდა პროცესზე

დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. საუბარია ე.წ. „ძაღლების საქმეზე“, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების - სათვალთვალო კამერების ჩანაწერების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„პირველების“ მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვიდეომასალის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ მასზე დაფიქსირებული პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კადრებით ვერ დგინდება, ვინ გადაადგილდება სასამართლოს ეზოში შავი ნიღბით.

სწორედ ამ ეპიზოდს უკავშირებს სახელმწიფო ბრალდება ალეკო ელისაშვილს და მას სასამართლოს არქივის დაწვის მცდელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდების მხარის ძირითად მტკიცებულებებს შორისაა როგორც ვიდეოჩანაწერები, ასევე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მიერ ჩატარებული სუნის იდენტიფიკაციის შედეგები.

თუმცა ახალი ექსპერტიზა კითხვებს აჩენს არა მხოლოდ პირის ამოცნობასთან, არამედ იმასთან დაკავშირებითაც, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული კადრებით ადამიანის სქესის განსაზღვრაც კი.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კიდევ ერთხელ ამყარებს მათ პოზიციას, რომლის მიხედვითაც ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

უფლებადამცველების ინფორმაციით, სახელმწიფო ექსპერტიზის პარალელურად ვიდეომასალაზე კერძო ექსპერტიზაც ტარდება. მისმა შედეგებმა უნდა დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა იმის მტკიცება, რომ ერთი წლის წინ სასამართლოს შენობის ნაწილს ცეცხლი სწორედ ალეკო ელისაშვილმა წაუკიდა.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები