სტრასბურგმა ომბუდსმენს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე პროცედურული მოტივით უარი უთხრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე პროცედურული მოტივით უარი უთხრა.
ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ "ტვ პირველს" განუცხადა.
ლომჯარიამ იქვე განმარტა,რომ დროებითი ღონისძიების პროცესში სახალხო დამცველის მესამე მხარედ ჩართვის პრეცედენტი სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს, თუმცა მისმა აპარატმა ეს მაინც სცადა:
სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგანაც, როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, ამას მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით.
აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, იმიტომ, რომ პირდაპირ უარი და აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა სასამართლო, როგორც ვიცით ტრადიციული და კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე, ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს"- ამბობს ლომჯარია.