პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან 3 დღე გავიდა - რატომ არ რეაგირებს პროკურატურა?
გახარიას პარტიის წევრებზე თავდასხმიდან სამი დღე გავიდა, თუმცა საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებს არც დაზარალებულები დაუკითხავთ და არც თავდასხმაში მონაწილე პირები.
ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებში, მათი შეფასებით, ნათლად ჩანს, ვინ მონაწილეობს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია და იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიდეომტკიცებულებების საფუძველზე მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს უკვე ბრალდებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს მინიჭებული. მათი თქმით, ხელისუფლება მომხდარზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ჩქარობს.
მომხდარს "ოცნების" გუნდის მხრიდან მხოლოდ ორი ფორმალური ბოდიში მოჰყვა, რომლებიც პარლამენტის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და არჩილ მაჭავარიანმა გააკეთეს. კრიტიკოსების შეფასებით, ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.
იურისტები აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითია. ისინი იხსენებენ მზია ამაღლობელის საქმეს, რომელიც პოლიციელთან ინციდენტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება, ასევე „ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებულ პირებს, რომელთა საქმეები ფეიერვერკისა და სხვადასხვა საგნის სროლას უკავშირდებოდა. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც საქმე პირდაპირ ეთერში ოფიციალური პირების მონაწილეობით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება, პროკურატურა დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.