რუსული სათვალთვალო ტექნოლოგიები საქართველოში - რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას მასობრივი კონტროლის სისტემა?
საქართველოს ასიათასობით მოქალაქის პერსონალური მონაცემები შესაძლოა რუსეთის ФСБ-სთვის ხელმისაწვდომი იყოს - ამის შესახებ გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიაშია საუბარი. ჟურნალისტების მტკიცებით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებული „ჭკვიანი“ კამერების პროგრამული უზრუნველყოფა სანქცირებული რუსული კომპანიისგან არის შეძენილი. საუბარია სისტემაზე, რომელსაც, ავტორების განცხადებით, შეუძლია ხალხმრავალ ადგილებში მოქალაქეების იდენტიფიცირება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სახე ნაწილობრივ დაფარული აქვთ.
გამოძიების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვში დაფუძნებული კომპანია Papilon-ის მიერ შექმნილ Polyface-SS სისტემას 2013 წლიდან იყენებს. სტატიაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2018 წელს სამინისტროს თანამშრომლებს აღნიშნული პროგრამის გამოყენებას რუსი სპეციალისტები ასწავლიდნენ. AlgorithmWatch-ის ინფორმაციით, სისტემა ბოლო 11 წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა, ხოლო 2024 წლის ოქტომბერში მუდმივი ლიცენზია მიიღო.
როგორც კრიტიკოსები აცხადებენ, Polyface ჩინურ სათვალთვალო კამერებთან ინტეგრირებული დამატებითი პროგრამაა, რომელიც ადამიანების ამოცნობის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის. მათი შეფასებით, სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ხდებოდა ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციების მონაწილეთა იდენტიფიცირება, სასამართლოში დაბარება და ადმინისტრაციული სანქციების დაკისრება.
გამოძიების თანახმად, სისტემის უახლესი განახლება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიიღო, იმ პერიოდში, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გამოყენება უკვე მიმდინარეობდა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.