ექსკლუზივი: მოპოვებულია უკანონო ბრძანებების აუდიო ჩანაწერები - როგორ უსწორდება "ოცნება" კრიტიკულ აზრს
"ნოდარ მელაძის შაბათმა" "ქართული ოცნებას" ვირტუალური რეალობის შექმნის სქემა გაუშიფრა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია არაფორმალური ბრძანებების ამსახველი აუდიო ჩანაწერები.
ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" შავ სიაში პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად, ჟურნალისტებიც ჰყავს შეყვანილი. "ოცნებიდან" მოპოვებულ ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" ინგა გრიგოლიას სახელი და გვარი ამოიკითხა. "გაშავების" დირექტივა გაიცა ნიკა გვარამიას მისამართითაც.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ფაქტებით დაამტკიცეს, რომ მთელი ამ უკანონო ბრძანებების შემსრულებელი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძეა.
"შაბათის ეთერს" სამხარაძის გაცემული ბრძანებების SMS შეტყობინებები და აუდიო ფაილები გამოუგზავნეს, საიდანაც დგინდება, როგორ ცდილობს "ქართული ოცნება", მორალურად გაანადგუროს ადამიანები, როცა რომელიმე ლიდერს ცნობილი ადამიანის აქტიურობა არ მოსწონს, აღიზიანებს მათი განსხვავებული აზრი, ან კრიტიკა.
სქემა ასეთია - ამ ადამიანების გაშავების დავალებას დიმიტრი სამხარაძეს აძლევენ. სამხარაძე კი - ,,ქართული ოცნების" რეგიონულ ლიდერებს, ლიდერები- რიგით წევრებს და ასე იწყება სოციალურ ქსელში ,,ოცნების" მიერ მტრად შერაცხული მოქალაქეების უშვერი სიტყვებით გინება.
ასე მოხდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც - დიმიტრი სამხარაძის ბრძანებით, ე.წ. ტროლებს სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტისთვის უნდა ეგინებინათ.
რაც შეეხება "ტვ პირველის" სახეს, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაზე თავდასხმის ბრძანება დიტო სამხარაძის ხელქვეითმა. ქეთი ჩარკვიანმა, გასცა.
"დაასხით ინგა გრიგოლიას მაგრად, პატარკაციშვილის მოღალატე და ა.შ. ზედ გადავუაროთ!"- ისმის ჩანაწერში.
,,ოცნების" ჩატში საკუთარი გვარის გასწვრივ ამოკითხული ამბების შემდეგ, ინგა გრიგოლია საბოლოოდ რწმუნდება, რომ პირადი ცხოვრების კადრებით მას სწორედ "ოცნება" აშანტაჟებდა.
კინაღამ რომ მოვკვდი, ამათი გაკეთებულია, ახლა მივხვდი - თქვე იდიოტებო, შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!"- ამბობს გრიგოლია.
გიორგი ხავთასი სკანდალური ჩატის ერთ-ერთი ფიგურანტია - ,,ოცნების" რეგიონული სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომელი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის ოპონენტებზე შეტევის ბრძანებას დიტო სამხარაძისგან თავადაც იღებდა.
გიორგიც იმ ჩატელებს შორისაა, ვინც მიიღო და შეასრულა, მაგალითად ნიკა გვარამიას ლანძღვის ბრძანება, დირექტივა მან სამხარაძისგან მიიღო.
"ზონდერია ,,ქართული ოცნების", დამკვეთი ვინაა, კი ვხვდებით, დიტო რომ მლანძღავს, მისი რეპუტაციის მქონე ადამიანისგან ქების ტოლფასია"- აცხადებს გვარამია.
ჩანაწერებით დგინდება ისიც, რომ ბრძანების გაცემის შემდეგ დიმიტრი სამხარაძე აკონტროლებს, ვინ როგორ შეასრულა დავალება, რომ შემდეგ პარტიის ლიდერებს უპატაკოს, როგორ შესრულდა თავდასხმების ბრძანება.
ნახეთ მაკა ჩიხლაძის რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება