არ იქნება რეფორმები? არ იქნება პროგრესი EU-ში გაწევრიანების გზაზე - ევროპარლამენტი

02.07.26 14:49
არ იქნება რეფორმები? არ იქნება პროგრესი EU-ში გაწევრიანების გზაზე - ევროპარლამენტი

მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს: არ იქნება რეფორმები? არ იქნება პროგრესი EU-ში გაწევრიანების გზაზე - ამ სათაურით  აქვეყნებს ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში პუბლიკაციას. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დემოკრატიული რეფორმების გარეშე წინ ვერ წავა.

"ევროპარლამენტი აგზავნის მკაფიო გზავნილს: არანაირი რეფორმა, არანაირი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ევროპარლამენტმა საქართველოსა და თურქეთის გაწევრიანების პროგრესის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში მკაფიო გზავნილი გააჟღერა: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დემოკრატიული რეფორმების გარეშე წინ ვერ წავა", - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ევროპარლამენტმა 436 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ. 

ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, შემზღუდავ კანონებსა და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ევროპარლამენტის მიერ დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეატრიალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პერსონალური სანქციების მნიშვნელობას.

„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზნობრივი, პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ“ და მოითხოვს მათთან დაკავშირებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას.

მსგავსი სიახლეები